Kvaratskhelia worthy of a golden ball according to Buffonმიუხედავად იმისა, რომ „ნაპოლის” ბოლო შეხვედრას წარმატებული არ ეთქმოდა და ვერც ხვიჩა კვარაცხელიამ შეძლო ამა თუ იმ ვარსკვლავური მოქმედებით გუნდისთვის გამარჯვების მოტანა, იტალიური პრესა წერს, რომ ის კვლავ სერია A-ს გამორჩეულ ფიგურად რჩება, ხოლო გასულ სეზონში მისი „არსაიდან” გამოჩენა უდიდესი სურპრიზი და სენსაცია იყო. საქართველოს ნაკრების გარემარბმა 34 იტალიურ შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა და 13 საგოლე პასი გადააწოდა. ამას დაამატეთ ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებული 9 შეხვედრა 2 გოლითა და 4 საგოლე გადაცემით და მიიღებთ დაუჯერებელ სურათს კაცისას, რომლის შესახებაც ვეზუვისპირეთში არავის არაფერი სმენოდა.

ყოფილი ბათუმის დინამოელი მიმდინარე ჩემპიონატში მართალია ნელა, მაგრამ უბრუნდება თავის საუკეთესო ფორმას: 3 გოლი და 4 საგოლე გადაცემა. და მას მიეძღვნა ემანუელე ჯულიანელის წიგნი „კვარადონა. ქართული სასწაული”, რომლის პრეზენტაციაზე მთავარი სტუმარი არც მეტი არც ნაკლები, ლეგენდარული ჯანლუიჯი ბუფონი გახლდათ.

მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო გოლკიპერმა პრეზენტაციაზე თქვა:

„კვარაცხელიამ მყისიერად მიიპყრო ჩემი ყურადღება და წამიერად იპოვა თავისი ადგილი იტალიაში. ფიზიკურად ის ჯანლუიჯი ლენტინის მაგონებს, ისიც ამ ტიპის ფეხბურთელი იყო. თუმცა, ლენტინი შესაძლოა უფრო სპრინტერს ჰგავდა, ქართველი კი დრიბლიორია. მას ისეთი გადაადგილებები და ტექნიკა აქვს, იშვიათად რომ მინახავს.

კვარასა და „ოქროს ბურთზე” ლაპარაკისას სწორი თქვეს. ის ისეთი ტალანტია, რომ როდესაც რონლადუ, მესი და ნეიმარი ფეხბურთის თამაშს თავს დაანებებენ, დადგება შესაფერისი სიტუაცია და ის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის ყველა მბაპესა და ჰოლანდს კონკურენციას გაუწევს”.

spazionapoli: მკაფიო მოსაზრებაა, რომელსაც ნახევარი ევროპიდან მოსული ხმები ამაგრებს და თუკი მათ ისეთი კაციც იმეორებს, როგორიც ბუფონია…