„ნაპოლიმ” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრაში „უნიონ ბერლინთან” 1:1 ითამაშა, რითაც გარდა იმისა, რომ მერვედფინალში გასვლა საწვალებელი გაიხადა, მატერიალურადაც იზარალა.

„გაძეტა დელო სპორტი” წერს, რომ მოგების შემთხვევაში „პარტენოპეელები” დაახლოებით 2 მილიონი ევროთი მეტს გამოიმუშავებდნენ.

„აურელიო დე ლაურენტისს ვერ გაუგია, რატომ გაანიავა მისმა გუნდმა ორი მილიონი ევრო, — წერს მილანური გაზეთი, — გამარჯვების შემთხვევაში ხომ „ნაპოლი” უეფასგან 2,8 მილიონ ევროს მიიღებდა, ფრის შემთხვევაში კი 900 ათასს დასჯერდა.

„აძურისთვის”, როგორც ორგანიზაციისთვის, მეოთხე ტური კატასტროფული გამოდგა. „მილანმა” „უნიონ ბერლინზე” გაცილებით ძლიერ მეტოქეს „პარი სენ ჟერმენს” მოუგო (2:1) და ფლეი ოფთან მიახლოების თვალსაზრისითაც „როსონერის” უკეთესი დღე ჰქონდა”.

შემდეგი შეხვედრა ნეაპოლელებს 29 ნოემბერს მადრიდში, „სანტიაგო ბერნაბეუზე”, „რეალის” წინააღმდეგ ელით, ხოლო ჯგუფურ ეტაპს რუდი გარსიას გუნდი 12 დეკემბერს შინ „ბრაგასთან” შეხვედრით დაასრულებს.