თვე-ნახევარი გავიდა რაგბის მსოფლიო ფორუმის სტარტიდან და ოვალური ბურთით თამაშის თაყვანისმცემლებმა 4-წლიანი მოლოდინი თითქმის სრულად დაიკმაყოფილეს. დაგეგმილი 48 მატჩიდან 46 უკვე გაიმართა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველა მათგანმა წარუშლელი მოგონება დაგვიტოვა. ცხადია, ჩვენ უკმაყოფილოები დავრჩით ბორჯღალოსნების მიერ ნაჩვენები შედეგით, მაგრამ მთლიანობაში ტურნირი არაჩვეულებრივი გამოდგა.

გასულ პარასკევსა და შაბათს საფრანგეთში ნახევარფინალური მატჩები შედგა. სეირი, ცხადია, ფანტასტიკური იყო, მაგრამ საკუთრივ რაგბის ხარისხითა და მიმდინარეობით ეს ორი მატჩი ერთმანეთისგან როგორც ცა და დედამიწა განსხვავდებოდა.

არგენტინა – ახალი ზელანდია 6:44

პარიზის გარეუბან სენ-დენის დიდებულ „სტად დე ფრანსზე“ ერთმანეთის პირისპირ მსოფლიო რეიტინგის მე-7 და მე-2 ნომრები წარსდგნენ – არგენტინა ახალი ზელანდიის წინააღმდეგ. მატჩი ძალიან სანახაობრივი გამოდგა, მაგრამ მას ერთი სერიოზული წუნი აღმოაჩნდა – თამაში ცალ კარში წარიმართა და „ოლ ბლექსის“ გამარჯვება ეჭვქვეშ მხოლოდ საწყისი 11 წუთის განმავლობაში იდგა, ვიდრე უილ ჯორდანი ლელოს გაიტანდა და ზელანდიელებს 5:3 დააწინაურებდა. მანამდე, მე-5 წუთზე „პუმების“ სნაიპერმა ემილიანო ბოფელიმ ზუსტი საჯარიმოთი სამხრეთამერიკელები დააწინაურა და იმ მომენტში ვერავინ იფიქრებდა, რომ დარჩენილ 75 წუთში არგენტინელები კიდევ 3 ქულასღა დააგროვებდნენ. მაგრამ სწორედ ასე მოხდა – ახალი ზელანდიის ნაკრები დაიქოქა და ბოლო წამამდე აღარ გაჩერებულა. მათ დამრტყმელ რიჩი მოუნგას მიზანი რომ გაესწორებინა, ანგარიში არა 44:6, არამედ 52:6 იქნებოდა, მაგრამ 4 გარდასახვა გაცუდდა და ზელანდიელები 36-ქულიან უპირატესობას დასჯერდნენ.

ზოგადად უნდა ითქვას, რომ არცთუ საუკეთესო კონდიციებში მყოფი არგენტინელები ნახევარფინალში გასვლით ძლიერ კმაყოფილები უნდა ყოფილიყვნენ, ხოლო „ოლ ბლექსი“ მატჩიდან მატჩამდე საგრძნობლად უმატებდა და ნახევარფინალში კი ნათელი გახდა, რომ ეს გუნდი მე-4 საჩემპიონო ტიტულს სრული სერიოზულობით უყურებდა.

საბოლოოდ ხსენებულმა ჯორდანმა მატჩი ჰეთ-თრიკით დაასრულა, ამას შენდონ ფრაიზელის დუბლი, ასევე ჯორდან ბარეტის და აარონ სმითის ჯადოსნური ლელოებიც დაემატა. მოკლედი, „სტად დე ფრანსზე“ უმშვენიერესი ლელოთცვენა იყო.

ისიც უნდა ითქვას, რომ შარშან ზაფხულში „პუმებმა“ ათწლეულების ნატვრა აიხდინეს და ახალზი ზელანდიის ნაკრები დაამარცხეს – 25:18. ამ მარცხმა „ოლ ბლექსზე“ ისე იმოქმედა, როგორც კორიდის ხარზე წითელი მულეტა – მას მერე ზელანდიელები არგენტინელებისგან ქვას ქვაზე აღარ ტოვებენ და ყოველ ჯერზე უდიდესი სხვაობით ანადგურებენ.

ინგლისი – სამხრეთ აფრიკა 15:16

აი, ამ მატჩში კი კინაღამ სენსაცია დაფიქსირდა. ინგლისის ნაკრები ოუენ ფარელის ზუსტი ჯარიმით უკვე მე-3 წუზე დაწინაურდა და ეს ლიდერობა 78-ე წუთამდე ხელში ეკავა. ფარელმა მერე კიდევ 4 ჯარიმა გაიტანა და საერთოდაც შეუდარებელი იყო, მაგრამ როგორც დიდ რაგბში ხდება ხოლმე, თეთრი და შავი ბოლო 20 წუთში იკვეთება და ეს სარაგბო ჭეშმარიტება ამ ჯერზეც დადასტურდა.

„ქურციკებმა“ ნახევარფინალის ერთადერთი ევროპელი მონაწილე ისეთ წნეხში მოაქციეს, რომ მანამდე თითქმის უშეცდომოთ მოთამაშე ინგლისელებმა ერთი მეორის მიყოლებით უამრავი შეცდომა დაუშვეს, აფრიკელებმა კი ამ შეცდომების მხოლოდ ნაწილი გამოიყენეს, თორემ ეს მატჩი თრილერს აღარ დაემსგავსებოდა. „ქურციკები“ 6:15-ს აგებდნენ, თამაშის დამთავრებამდე 11 წუთიღა რჩებოდა, როცა არ ჯი სნიმანმა, როგორც იქნა, გაარღვია „ვარდების“ დაცვა, ხოლო წინა მსოფლიო თასის ერთ-ერთმა გმირმა, ჰანდრე პოლარდმა ზუსტად გარდასახა.

ბოლო შეტევაში კი აფრიკელებმა ევროპელები დააჯარიმეს და პოლარდმა უკვე გამარჯვების საჯარიმო დაჰკრა – 16:15 და სამხრეთ აფრიკის ნაკრები ზედიზედ მეორედ გავიდა მსოფლიო თასის ფინალში. ზელანდიელების დარად, „ქურციკებსაც“ სამი საჩემპიონო ტიტიული აქვთ და ფინალში ჩვენ ვიხილავ მსოფლიო რეიტინგის ლიდერისა და მეორეადგილოსნის ჯახს – სამხრეთ აფრიკა და ახალი ზელანდია ერთმანეთს მე-4 საჩემპიონო ტიტულს შეეცილებიან.

მოკლედ, დარჩა ორი მატჩი: პარასკევს, 27 ოქტომბერს 23:00 საათზე არაერთხელ ნახსენებ „სტად დე ფრანსზე“ არგენტინა და ინგლისი ერთმანეთს მე-3 ადგილისთვის შეერკინებიან, ხოლო ზუსტად 24 საათის შემდეგ იგივე არენაზე ფინალია – ახალი ზელანდია სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ.