საქართველოს ნაკრები ოქტომბრის მატჩებისთვის (ამხანაგური ტაილანდთან და შესარჩევი კვიპროსთან) მზადებას იწყებს. შეკრების დაწყების წინ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა, რომელსაც ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილიც ესწრებოდა.

ალექსანდრე იაშვილი – „ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობაცა და ნაკრების მთავარი მწვრთნელიც თვითკრიტიკულები ვართ, პირდაპირ გეტყვით, განსაკუთრებით ბოლო სამი თამაშით ძალიან უკმაყოფილოები ვართ. ვიღებთ კრიტიკას და არც პასუხისმგებლობას გავურბივართ, მაგრამ ახლა მნიშვნელოვანია, რომ ერთიანობა შევინარჩუნოთ.

რაც შეეხება საკითხს, რატომ არის ნაკრები დაბინავებული ვაკეში, ჩვენ ვვარჯიშობთ „მიხეილ მესხზე“, რომელთანაც ეს სასტუმრო ახლოსაა და ტრანსპორტირების კუთხით მოსახერხებელია. აქ თავს ფეხბურთელებიც კარგად გრძნობენ. არჩევანის დროს სწორედ მათ აზრს ვითვალისწინებთ, რათა გუნდი კომპორტულად იყოს.

კონსტანტინე მარადიშვილისა და ჯოვინო ფლამარიონის საქართველოს ნაკრებში თამაშის საკითხზეც გეტყვით. ჩვენი მიზანია, მოვიწვიოთ  ყველა ის ფეხბურთელი, ვინც ქართველია და ჩვენს ქვეყანასთან კავშირი აქვს. ამაზე ბევრს ვმუშაობთ. მარადიშვილთან დაკავშირებით პრობლემაა ის, რომ მან უკვე რუსეთის 21-წლამდელებში ითამაშა.

იმ დროს ორმაგი მოქალაქეობა რომ ჰქონოდა, ახლა პრობლემა არ შეექმნებოდა. სწორედ ამიტომ, მისი დამატება ჯერ ვერ ხერხდება.

სხვა სახის პრობლემაა ფლამარიონთან დაკავშირებით. ფიფა ნატურალიზებისთვის ითხოვს, რომ ფეხბურთელს ქვეყანაში გადაბმულად ხუთი წელი ჰქონდეს ნათამაშები. ჯოვინო კი გარკვეული პერიოდი ბათუმის „დინამოდან“ ვოლგოგრადის „როტორში“ თამაშობდა და ეს ფაქტი პრობლემას ქმნის“, – განაცხადა ალექსანდრე იაშვილმა.

ვილი სანიოლი – „ესპანეთთან ჩავთვალეთ, რომ რაღაც ახალი უნდა გამოგვეცადა. პასუხისმგებლობის არ მეშინია და არც გავურბივარ. ნორვეგიასთან გამოჩნდა, რომ სამი მცველით უკეთ ვთამაშობთ. ამ ორ წაგებებზე კი პასუხისმგებლობას მთლიანად საკუთარ თავზე ვიღებ.

შემადგენლობის შერჩევისას ბევრ რამეს ვითვალისწინებთ. მაგალითად, ზივზივაძე კლუბში ბევრს არ თამაშობს, მაგრამ ნაკრებში დროს იმსახურებს. ეს მნიშვნელოვანია, ნაკრებსა და კლუბში ყველა მოთამაშე ერთნაირად არ გამოდის.

ბოლო მატჩებში გოჩოლეიშვილი და აბურჯანია კარგად არ გამოიყურებოდნენ, მათ ბევრი უნდა იმუშაონ თამაშის გასაუმჯობესებლად. ჩვენ ფეხბურთელთა შერჩევისას ვითვალისწინებთ მათ ფიზიკურ მდგომარეობას, მენტალიტეტს და ბევრ სხვა ფაქტორს.

ერთა ლიგა არის ევრო 2024-ზე გასვლის შანსი. ახლანდელ შესარჩევში ძლიერი მეტოქეები გვყავს და ჩვენთვის ეს გამოწვევაა.

გელაშვილმა ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე თავი კარგად წარმოაჩინა და გვსურს, ეროვნულ ნაკრებშიც დავაკვირდეთ. სწორედ ამიტომ მოვიწვიეთ ის ამ შეკრებაზე.

ვერ გავიზაირებ მოსაზრებას, რომ ბოლო დროს ჩვენი გამოცდილი მცველები ცუდად თამაშობენ. თანამედროვე ფეხბურთში გუნდი ერთად უტევს და ერთად იცავს თავს. თუ გოლი გადის, ეს მხოლოდ დაცვის ბრალი არაა. შესაძლოა, ეს იმ შემტევი მოთამაშეების ბრალიცაა, რომლებიც დაცვას არ ეხმარებიან.

ვერ გეთანხმებით, რომ ნაკრებში თამაშში რეგრესია და ამ თემაზე კომენტარს არ გავაკეთებ. ბოლო თამაშების შედეგები გულდასაწყვეტია, მაგრამ უნდა ვნახოთ, რა იყო კარგი და რა ცუდი”, –ამბობს ვილი სანიოლი.