ამხანაგური ფრე რუმინეთთან

ამხანაგური ფრე რუმინეთთან

საქართველოს ნაკრებმა ივნისის სანაკრებო პაუზის დროს პირველი ამხანაგური მატჩი რუმინეთთან გამართა და 1:1 დაასრულა.

თამაში ბოლო სანაკრებო გამოდგა გურამ კაშიასთავის, ვინაც ეროვნული გუნდის მაისური 129-ედ მოირგო და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა მატჩის წინ სპეციალური სამახსოვრო საჩუქარი გადასცა. კაშია 64-ე წუთზე შეცვალეს – ორივე გუნდის ფეხბურთელებმა მას დერეფანი მოუწყვეს.

რაც შეეხება თამაშს, პირველ ტაიმში გოლი არ გასულა, მაგრამ გატანა ორივე გუნდს შეეძლო: ჯერ გიორგი მამარდაშვილის შეცდომას რუმინელთა თავდამსხმელის ცარიელ კარში დარტყმა მოჰყვა, მაგრამ ლუკა ლოჩოშვილმა გადაგვარჩინა; შემდეგ რუმინელი მცველები შეცდნენ და ბუდუ ზივზივაძე მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ ვერ აჯობა.

მეორე ტაიმში სწრაფი გოლი გავიდა: ირაკლი ეგოიანმა ბურთი მარჯვენა ფლანგზე გიზი მამაგეიშვილს გააყოლა, ვისი ჩაწოდებული ბურთიც რუმინელთა მეკარეს ხელიდან გაუვარდა და გიორგი ქვილითაიამ ცარიელ კარში შეაგდო; მალევე დაცვაში მამაგეიშვილი შეცდა, რასაც ჩაწოდება და მუნტიანუს თავით გატანილი გოლი მოჰყვა – მამარდაშვილმა ვერ გადაგვარჩინა.

საერთოდ, მეორე ტაიმში შანსები ჩვენ უფრო გვქონდა – ზივზივაძემ და გიორგი კვერნაძემ ხელსაყრელი მომენტები ვერ გამოიყენეს. მომდევნო მატჩს ვილი სანიოლის გუნდი 5 ივნისს, ბაჰრეინის ნაკრებთან ითამაშებს.

ავტორის პროფილი

გიორგი ღოღობერიძე
გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.