დატროლეს, ანკესზე წამოაგეს, წამოიკიდეს… „მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელს, ჟოზე მოურინიუს, იტალიურმა მედიამ ოინი გაუკეთა.

მოგეხსენებათ, ბოლო რამდენიმე კვირაა პორტუგალიელი და „ჩელსის” იტალიელი თავკაცი ანტონიო კონტე ძაღლსა და კატასავით გადაეკიდნენ ერთმანეთს. ერთმა მეორეზე თქვა ჩაწყობილ თამაშებში მონაწილეობდაო, მეორემ პირველზე პატარა კაციაო… თან, ორივე ერთმანეთს მოედნის კიდესთან გიჟივით ქცევას უწუნებს.

როდესაც „განსაკუთრებული” მანჩესტერის სასტუმრო „ლოვრიში” მივიდა, ჰოლში ჟურნალისტები შემოერტყნენ გარს. თავიდან, ერთი შეხედვით ჩვეულებრივი კითხვა-პასუხი გაჩაღდა. მოუ ყურადღებით და საუბრის მიმდინარეობით კმაყოფილი ჩანდა, მაგრამ უცებ…

ჟურნალისტებმა „იუნაიტედის” თავკაცს მისი გუნდის მაისურაზე ხელის მოწერა სთხოვეს. ავტოგრაფის მიცემა მწვრთნელის ვალდებულებაა. და სწორედ აქ იყო ძაღლის თავი დამარხული. მაისურს უკანა მხრიდან ეწერა: „ანტონიო კონტე 1″.

როდესაც მოურინიუმ დაინახა რაც გაუკეთეს, გაეცინა, შემდეგ კი სასტუმროში შევიდა.

ჰოლში ჟურნალისტები კიდევ კარგახანს ხალისობდნენ.