„სანმა” დაწერა და ჩვენც გიამბეთ, როგორ გადმოაგდო ქარმა „ჩელსის” ბაზაზე ტერასიდან მინის მაგიდა და როგორ დაეცა ის ანტონიო კონტეს „ნისან ჯუკს”. შემდეგ გაჩნდა ლოგიკური კითხვა: რატომ ჰყავს მულტიმილიონერ მწვრთნელს 15 ათასიანი ავტომობილი? ცნობისათვის: ჩვენი წერილის მთავარ სურათზე სწორედ ეს მანქანაა აღბეჭდილი, რომლის საჭესთანაც ანტონიო კონტეს მეუღლე ზის.
ახლა კიდევ უფრო გაგაკვირვებთ. კონტეს მეორე მანქანაც ჰყოლია — „ტოიოტა იარისი”, თან გარემონტებული სალონით. და როდესაც იტალიელს ეკითხებიან, თუ რატომ არ ჰყავს ძვირიანი ავტომობილი, ის პასუხობს, რომ არაფერში სჭირდება.
„პატარა მანქანის ყიდვა ჩემი ცოლის იდეა იყო. ასეთის მართვა უფრო იოლია, მითუფრო, როდესაც მარჯვენა საჭით მარცხენა მხარეს მოძრაობას ეჩვევი. მეუღლეს ამ მანქანით დაჰყავს ჩვენი გოგონა სკოლაში და ეს მანქანა ასევე სრულიად საკმარისია, როდესაც მთელი ოჯახი სადმე ახლომახლოს სადილად გავდივართ. მეტი არც არის საჭირო”, — თქვა „ლურჯების” თავკაცმა. შემდეგ, დასძინა:
„სიტყვა საჭიროება ყველას თავისებურად ესმის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ შვილის სახლიდან სკოლაში მისაყვანად „ფერარი” და „პორშე” არ არის საჭირო. პატარა „ნისანი” სრულიად საკმარისია”.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ავარიაში მოყვა „ჩელსის” ფრანგი ნახევარმცველი ნგოლო კანტეც და გაირკვა, რომ მას ნახმარებში ნაყიდი „მინი კუპერი” ჰყოლია. თურმე, არც მას ესმის რა საჭიროა მდიდრული ავტომობილი. მეტსაც გეტყვით, კანტე, რომელსაც კვირაში 110 000 გირვანქას უხდიან, პარასკევს ვარჯიშზე ისევ ნაავარიები მანქანით მივიდა.
მაგრამ, „ჩელსიში” ყველა ერთნაირი რომ არ გეგონოთ, ქვემოთ განსხვავებული მენტალობის რამდენიმე მაგალითს მოგიტანთ.