როგორც მოსალოდნელი იყო, „კრემონეზესა” და „ლეჩეს” შეხვედრაში ლუკა ლოჩოშვილმა ტრავმის გამო ვერ ითამაშა, მისი გუნდი კი ძველებურად უხეირო გამოდგა და წააგო — 0:2. არადა, კრემონელებმა რამდენიმე დღის წინ თასიდან თვით „რომა” გამოთიშეს და ბევრს ეგონა, რომ კრიზისი დაძლიეს.
„ლეჩემ” ბოლო ხუთ შეხვედრაში პირველად მოიგო, მაგრამ ეს მიმდინარე სეზონში მისი მეხუთე გამარჯვება მაინც იყო. „კრემონეზე” კი სერია A-ში ერთადერთ გუნდად რჩება, რომელსაც გამარჯვებათა გრაფაში ნული უწერია და ლოგიკურია, რომ ბოლო ადგილზეა. სტატისტიკოსებს 21 ტურის შემდეგ მოგების გარეშე მხოლოდ „ანკონა” ახსოვთ 2004 წელს — და აი, ანტირეკორდი „კრემონეზემ” გაიმეორა.
ვერ გეტყვით მეტყველებს თუ არა რამეზე, მაგრამ საინტერესო ფაქტია, რომ სერია A-ში „ლეჩემ” „კრემონეზეს” 1989 წლის ნოემბრის მერე პირველად მოუგო.
„ჩვენ ვერ ვითამაშეთ საკმარისად ინტენსიურად, რათა დაგვემარცხებინა გუნდი, რომლიც დაცვაში კარგად იკეტება, — თქვა მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე მასპინძლების ახალმა მწვრთნელმა დავიდე ბალარდინიმ, რომლის ხელმძღვანელობით ლუკას ჯერ არ უთამაშია, — მართალია, მეტოქეს დიდი პრობლემები ვერ შევუქმენით, მაგრამ 60 წუთი კარგი იყო. ამ ხნის მანძილზე თამაშში ვიყავით ჩართულები, თუმცა ჯამში სხვანაირი ფეხბურთი უნდა გვეთამაშა. სამწუხაროდ, მენტალიტეტი და ჯანი არ გვეყო”.
