„ლივერპულმა” „საუთჰემპტონს” 2:1 მოუგო და „მანჩესტერ სიტის” ერთი ქულით ჩამორჩება. დარჩა ბოლო ტური.
საუთჰემპტონში იურგენ კლოპმა შაბათის (ფეხბურთის ასოციაციის თასის) ფინალთან შედარებით ცხრა კაცით გადასხვაფერებული შემადგენლობა ათამაშა. მერსისაიდელები თავიდან ჩამორჩნენ — მე-13 წუთზე ნეითან რედმონდმა გახსნა ანგარიში, მაგრამ 27-ე წუთზე ტაკუმი მინამინომ გაქვითა, 67-ზე კი ჟოელ მატიპმა გამარჯვების გოლი შეაგდო.
კლოპმა თქვა: „თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ. ამაღელვებელი იყო. ეს ბიჭები ავტოფარეხში მიყუჩებული ფერარისავით იყვნენ. გამოვარდნენ გარეთ და აი, ასეთი რაღაც გააკეთეს. აღარც კი მახსოვს, როდის ვათამაშე ბოლოს ჰარვი ელიოტი; კერტის ჯონსი ათასში ერთხელ გადის მოედანზე; ტაკუმი მინამინო უფრო ხშირად რომ არ თამაშობს, დანაშაულია. ოქსლეიდ-ჩემბერლენი დღესაც ვერ ჩაერთო საქმეში, არადა მშვენიერ ფორმაშია.
ხანდახან ამ ბიჭების მდგომარეობა მართლა ძალიან ძნელია. ყველაფერი, რაც ამ სეზონში ხდება, მათი დამსახურებაა. ისინი გამორჩეულები არიან და ეს დღესაც დაამტკიცეს.
ამ შეხვედრაში შემადგენლობა ცხრა კაცით შევცვალე და გაამართლა. რომ არ გაემართლებინა, ჩემი ბრალი იქნებოდა, მაგრამ გაამართლა და ეს ბიჭების დამსახურებაა.
ახლა ბოლო ტურია დარჩენილი. მე რომ „სიტის” ადგილზე ვიყო, თავს ჩემპიონად ნამდვილად არ ვიგრძნობდი. ერთი წამით კაცს შეიძლება მართლა გაგკრას გონებაში, რომ „სიტი” უკვე ჩემპიონია, მაგრამ ეს ფეხბურთია, ფეხბურთში კი ყველაფერი ხდება. ჩვენ ჩვენსას ვცდით. გამორიცხული არაფერია. შინ ვთამაშობთ. ატმოსფერო ფანტასტიკური იქნება”.
შეგახსენებთ, რომ იანვრის შუაში „მანჩესტერ სიტი” მდევარს 14 ქულით უსწრებდა.
22 მაისს „ლივერპული” „ვულვერჰემპტონს” მასპინძლობს, „მანჩესტერ სიტი” კი „ასტონ ვილას”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი26/07/2026 | 10:00მამარდას პირველი ამხანაგური
სიახლეები26/07/2026 | 08:42ჯიჯიმ ცოლი მოიყვანა
სიახლეები25/07/2026 | 09:53პირლო დუბაის დაეთხოვება და სკუადრა აძურას ჩაიბარებს
მთავარი ამბავი25/07/2026 | 07:31ფაბიან რუისი და გავი პომიროს ჭამენ
