“მანჩესტერ იუნაიტედის” შეფები შიშობენ, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი ვეღარასდროს ითამაშებს ისე, როგორც მუხლის ოპერაციამდე თამაშობდა. მას მერე, რაც “ანდერლეხტთან” ევროლიგის მეოთხედფინალურ შეხვედრაში ტრავმა მიიღო და მძიმე ოპერაცია გადაიტანა შვიდი თვეა გასული. ამ ხნის განმავლობაში 36 წლის იბრას ცდა არ დაუკლია ჯანი და ფორმა რომ აღედგინა, მაგრამ იმ ფორვარდის ლანდიც აღარსადაა, გასულ სეზონში, 46 შეხვედრაში 28 გოლი რომ გაიტანა და “წითელი ეშმაკების” საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
შვედი ვარსკვლავი მოედანს 18 ნოემბერს დაუბრუნდა. იმ დღეს “იუნაიტედმა” “ნიუკასლს” მოუგო. იბრაჰიმოვიჩი შეცვლაზე შევიდა და გამარჯვებაში წვლილი ფაქტობრივად არ შეუტანია. შემდეგ ზლატანმა კიდევ ოთხ შეხვედრაში სცადა ბედი, სულ 73 სათამაშო წუთი დააგროვა, მაგრამ ბურთი ვერა და ვერ შეაგდო მეტოქის კარში.
გასულ შაბათს, მანჩესტერულ დერბიში, ზლატანი თამაშის მიწურულს, გაჭირვების ტალკვესის დავალებით შეუშვეს მოედანზე, მან კი ვაგლახ, სრულიად უსახურად ითამაშა. მოგეხსენებათ, “სიტიმ” “იუნაიტედი” დაამარცხა — 2:1. ახლახან, შუა კვირაში, როდესაც “იუნაიტედმა” “ბორნმუთს” ოფლითა და ჯაფით 1:0 აჯობა, იბრაჰიმოვიჩი სათადარიგოთა სკამიდან აღარც წამოუყენებიათ.
ახლა, შვედი კვლავ მედიკოსებთან დაბრუნებასა და ძველი ჯან-ღონის აღდგენას ცდილობს, მაგრამ ქერინგტონის საწვრთნელ ცენტრში შიშობენ, რომ ეს შედეგს ვეღარ მოიტანს.
ბოლო პერიოდში, მანჩესტერელთა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიუმ იბრა ორჯერ განაცხადში შეყვანის ნაცვლად დარბაზში დააბრუნა, რათა მას ტრენაჟორებზე მუხლი ევარჯიშებინა. მეორე მხრივ, ბელგიელი ფორვარდი რომელუ ლუკაკუ, რომელიც ზლატან იბრაჰიმოვიჩს ცვლის, ცუდ ფორმაშია, რის გამოც არ არის გამორიცხული ზამთრის სატრანსფერო პერიოდში “განსაკუთრებულმა” ფეხბურთელების ბაზარს მიაშუროს.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი28/05/2026 | 22:04დიდი სენსაცია პარიზში
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 18:09ერთი დღის ორი ოქრო
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 15:15საქართველო ესპანელს ჩაბარდა
კატეგორიის გარეშე09/04/2026 | 17:23საქართველო მსოფლიო თასის ფლეი ოფშია
