ბასილაშვილმა BMW მოიგო | sarbieliBMW Munich Open-ზე, რომლის საპრიზო ფონდი 534 555 ევროა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ტიტულის შენარჩუნებისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა – ჩვენიანმა სამსეტიან ბრძოლაში ბელარუსი ილია ივაშკა დაამარცხა – 3:6; 6:2; 6:4. ბელარუსი და რუსი ჩოგბურთელები ტურნირებზე ჯერ კიდევ დაშვებული არიან.

სავარაუდოდ, „უიმბლდონის“ ტურნირიდან ამ ქვეყნის ჩოგბურთელებს მოკვეთავენ, მაგრამ რატომ სხვა ტურნირებიდან არ აკეთებენ იგივეს, ცოტა არ იყოს, გასაკვირია.

ასეა, თუ ისე, ბასილაშვილმა მატჩი მოიგო. ჩვენებურს თავიდან თამაში არ წაუვიდა. პირველ სეტში ორი ჩაწოდება დათმო და ბელარუსმაც სეტი იოლად მოიგო.

მეორე სეტის დასაწყისში ჩოგბურთელებმა გეიმები გაცვალეს – 2:2. ამის შემდეგ ბასილაშვილი ათამაშდა, მიჯრით ოთხი გეიმი მიითვალა და სეტებში ანგარიში გაათანაბრა. ნიკამ მესამე სეტის პირველი ჩაწოდება წაართვა მეტოქეს და საქმე ბოლომდე კლასიკურად მიიყვანა. ბასილაშვილი მესამე წრეში სერბ მიომირ კეჩმანოვიჩს ეთამაშება.