ქაღალდის სახლი მადრიდში

Home კატეგორიის გარეშე ქაღალდის სახლი მადრიდში
ქაღალდის სახლი მადრიდში

ესპანეთის ლა ლიგაში მსაჯთან 2022 წლის პირველი პრეტენზია „ვალენსიას” გაუჩნდა. „ღამურებმა” მადრიდში, „სანტიაგო ბერნაბეუზე” 1:4 წააგეს და ყურადღება მათ კარში გატანილ პირველ გოლზე გაამახვილეს. ვალენსიელების აზრით, კაზემირო მცველებს არ წაუქცევიათ და პენალტი, რომლითაც ქარიმ ბენზემამ 43-ე წუთზე ანგარიში გახსნა, არ უნდა დანიშნულიყო.

ვალენსიელებს მხარი „ბარსელონას” ვეტერანმა ჟერარდ პიკემაც დაუჭირა. მართალია პიკეს გუნდმა იმავე დღეს სტუმრად „გრანადასთან” 1:1 ითამაშა და ორი ქულა დაკარგა, მაგრამ კატალონიელმა მცველმა მაინც მოძებნა დრო „ტვიტერით” „რეალს” გადაწვდომოდა და დაეწერა, რომ მადრიდში ძარცვა გახშირდა — ამ წინადადებას მან ჰეშთეგით ცნობილი ესპანური სერიალის „ქაღალდის სახლის” სახელი მიაწერა, სადაც ესპანეთის დედაქალაქში ხან ბანკს ძარცვავენ და ხან ოქროს საცავს.

იქვე პიკემ „ვალენსიას” ურჩია პენალტი ძალიან ხმამაღლა არ გააპროტესტონ რადგან დაისჯებიან.

მეორე ტაიმში მადრიდელებმა ჯასპერ სილესენის კარში კიდევ სამი გოლი შეაგდეს. ორჯერ ეს ვინისიუს ჟუნიორმა გააკეთა, ბოლოს კი ისევ ბენზემამ. რამდენად იყო ეს გოლები გიორგი მამარდაშვილის ჰოლანდიელი კონკურენტის ბრალი, ტექსტის ბოლოს დართული ვიდეოს დახმარებით თავად განსაჯეთ.

სანამ ბენზემა შეხვედრას წერტილს დაუსვამდა თავისი გოლი „ვალენსიამაც” პენალტით გაიტანა. უფრო სწორედ, გონსალო გედეშს თერთმეტმეტრიანი დარტყმა ტიბო კურტუამ აუღო, მაგრამ პორტუგალიელმა დამატება მოახერხა.

მატჩის შემდეგ „რეალის” თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ თქვა: „არ ვიცი პენალტთან დაკავშირებულ კომენტარებზე რა ვთქვა. ჩემი საქმე თამაშის შეფასებაა. ჩვენ დამსახურებულად გავიმარჯვეთ. დიახ, ანგარიში პენალტით გავხსენით და ეს დაგვეხმარა, მაგრამ ამ ერთი ეპიზოდის გარდა უამრავი საგოლე მომენტი გვქონდა. მეტოქეს ვაჯობეთ”.

ახლა „რეალი” საუდის არაბეთს მიემგზავრება, სადაც 12 იანვარს ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში „ბარსელონას” უნდა ეთამაშოს. მეორე ნახევარფინალში მადრიდის „ატლეტიკო” ბილბაოს „ატლეტიკს” ხვდება. ფინალი 16 იანვარს არის დანიშნული.

 

 

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.