ტირასპოლის „შერიფმა” მადრიდში „რეალს” 2:1 მოუგო. საინტერესოა, როგორ აღიქვამს ამ ფაქტს ქართული საფეხბურთო ამქარი: დნესტრისპირეთის არაღიარებული რესპუბლიკის გუნდებმაც კი დაიწყეს დიდ მეტოქეებთან მოგება და ჩვენ რა ჭირი დაგვეტაკა თუ „რეალმაც“ კი წააგო ვიღაც „შერიფთან“ და ჩვენ რომ ვაგებთ ამაში რა არის გასაკვირი…
ასეა თუ ისე, სენსაცია შედგა. ეს გახლდათ ჩემპიონთა ლიგაში „რეალის“ პირველი თამაში განახლებულ „სანტიაგო ბერნაბეუზე“. მანამდე, წელიწადნახევრის განმავლობაში, „თეთრები“ მეტოქეებს საწვრთნელ ბაზაზე, ალფრედო დი სტაფენოს სახელობის სტადიონზე მასპინძლობდნენ. ასე იწერება ისტორია: მოლდოვას უსახელო გუნდმა მისავე მოედანზე სძლია ჩემპიონთა თასის (ლიგიანად) 13-გზის მფლობელს.
D ჯგუფის შეხვედრის პირველ ტაიმში ანგარიში თავური დარტყმით იასურბეკ იახშიბოევმა გახსნა, მაგრამ მეორე ნახევრის მე-20 წუთზე ვინისიუს ჟუნიორის წაქცევისთვის სტუმართა კარში დაინიშნა პენალტი, რომელიც ქარიმ ბენზემამ გაიტანა.
ამის მერე ბურთს როგორც მოსალოდნელი იყო მადრიდელები ფლობდნენ, მაგრამ გოლი მაინც მათ კარში შევარდა. ეს 89-ე წუთზე მოხდა. გოლის ავტორი გახლდათ ლუქსემბურგელი სებასტიენ ტილი, რომლის შესანიშნავ გოლსაც ქვემოთ, ვიდეოზე გთავაზობთ.