ლუკას ხუთიანები

Home დავთარი ლუკას ხუთიანები
ლუკას ხუთიანები

No description available.პრო დ2-ის მე-5 ტურში ლიგის ყველაზე „ქართული“ გუნდი „ორიაკი“ ნარბონს ესტუმრა და მატჩის უკვე მე-5 წუთზე ლუკა ნიორაძემ ლელო დადო. ეს იყო მე-5 ლელო 22 წლის ქართველი კვაჭის ფრანგულ კარიერაში.

ასეთმა დასაწყისმა ორიაკელებს ფრთები შეასხა და სეზონში მეორე გამარჯვებით (30:26) მათ 9 ქულას მოუყარეს თავი. სასტარტო შემადგენლობაში ლუკას გარდა სამი გიორგიც იყო: ქართველიშვილმა 56 წუთი გაატარა მინდორზე, ხოლო ბორჯღალოსანმა ცუცქირიძემ და გოგოლაძემ შეუცვლელად ითამაშეს. მართალია, ამ უკანასკნელს 62-72-ე წუთების სინბინში გატარებამ მოუწია, მაგრამ მთლიანობაში ქართველი ფულბექი საიმედო იყო და ერთ-ერთ ეპიზოდში თავისი გუნდი ლელოს გარდაუვალი გაშვებისგან იხსნა.

ლიგაში ერთპიროვნულმა ლიდერმა, არცთუ მდიდარმა „მონ-დე-მარსანმა“ მეხუთე მატჩიც მოიგო – დაუძლურებულ „აჟენს“ ბონუსით, 43:8 აჯობა. გამარჯვებულთა შორის ბოლო 26 წუთი ლაშა მაჭარაშვილმა იასპარეზა, ხოლო ხუთიდან ხუთივე მატჩის წამგებ აჟენელებს შორის 49-ეზე ბორჯღალოსანი გრიგორ ქერდიყოშვილი გამოჩნდა.

ლიდერს კვალში კვლავაც ვეტერანი ბორჯღალოსნის, ბექა შეყლაშვილის „კოლომიე“ უდგას, რომელმაც მირიან ბურდულის „მონტობანი“ 41:14 გაანადგურა. ბექამ პირველიდან 51-ე წუთამდე ითამაშა, მირიანმა – საწყისი ერთი საათი.

No description available.ლიგაში ყველაზე მდიდარმა – „ბაიონმა“ გრენობლში ურთულესი მატჩი 18:13 მოიგო. ბასკთა შორის პირველიდან 52-ე წუთამდე ბორჯღალოსანმა კოტე მიქაუტაძემ ითამაშა, ხოლო ალპელთა სასტარტოში ლუკა გოგინავა იყო, ვინც 51-ე წუთზე დაასვენეს, მაგრამ 74-ეზე კვლავ უხმეს სათამაშო მოედანზე. ილია კაიკაციშვილი მატჩში 59-ე წუთიდან ჩაერთო.

„ვანმა“ მეხუთედ წააგო – „ოიონასთან“ შინ 6:23 დამარცხდა. სტუმართა შორის 59-ე წუთზე ბექა კაკაბაძე გამოჩნდა.

„ბეზიემ“ „ნევერს“ 25:7  სძლია, რაშიც 11-წუთიანი წვლილი გიორგი ახალაძემაც შეიტანა, ხოლო სტუმართა შორის პირველი ტაიმი თორნიკე მატარაძემ ითამაშა.

„პროვანსი“ „ რუანთან“ 21:22 დამარცხდა. გამარჯვებულთა შორის კიდევ ერთი ვეტერანი ბორჯღალოსანი იყო – კარლენ ასიეშვილმა პირველიდან 50-ე წუთამდე ითამაშა, შემდეგ კი 56-ედან 65-ემდე.

„ბრესანი“ შინ „კარკასონთან“ ბონუსით – 22:26 დამარცხდა. მასპინძელთა სასტარტო ბურჯმა ვაჟა კაპანაძემ 55 წუთი ითამაშა.

ავტორის პროფილი

სლავა გასპაროვი
სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.