ვერ არის სამეზობლოში კარგი ამბები. საქართველომ ესპანეთთან 0:4 წააგო, სომხეთმა გერმანიასთან 0:6, აზერბაიჯანმა პორტუგალიასთან 0:3 და აგერ, ესტაფეტა თურქეთმაც გადაიბარა — ნიდერლანდებთან სტუმრად 1:6 დამარცხდა.
G ჯგუფში, სადაც ეს ორი გუნდი გამოდის, მგდომარეობა ასეთი გახლდათ: გამარჯვებული ცხრილის სათავეში ექცეოდა. ფრეც თურქებს აძლევთ ხელს. სწორედ ამიტომ შეწყვიტა ლუის ვან გაალმა ექსპერიმენტები და თავის საყვარელ 4-3-3-ს დაუბრუნდა. ეს გახლავთ განლაგება, რომელსაც 70 წლის მწვრთნელი ყველა გუნდში ეყრდნობოდა და შედეგიც ჰქონდა. სტატისტიკა არ ცრუობს: ვან გაალს თუკი სადმე შედეგისთვის მიუღწევია, 4-3-3-ით იყო.
„ორანიეს“ ანგარიშის გასახსნელად 55 წამი ეყო. დავი კლაასენმა მემფის დეპაის დახმარებით გაიტანა. ლამაზი გოლი გამოვიდა, ჰოლანდიურ სტილში, ერთშეხება პასებით.
როგორც ჩანს, ფეხბურთელებს თავიანთი გათამაშებული კომბინაცია ისე მოეწონათ, რომ მე-15 წუთზე გაიმეორეს, ოღონდ ამჯერად მემფისმა გაიტანა კლაასენის პასით.
კლაასენი და დეპაი იმ ბავშვებს ჰგავდნენ, ეზოში რომ ხალისობენ, თამაში ააწყვეს და სხვა ბიჭუნებს ბურთს აღარ აძლევენ: ტაიმის ბოლოს, დეპაის პასით კლაასენი საჯარიმოში შევიდა, სადაც თურქებმა ის წააქციეს. გოლი დეპაიმ პენალტით გაიტანა.
თამაშის ბედი შესვენებამდე გადაწყდა. შესვენების შემდეგ კი დეპაის ჰეთ-თრიკის შესრულების ხვაშიადი ჰქონდა და დაიკმაყოფილა კიდეც.
შეხვედრის დამთავრებამდე 10 წუთით ადრე გუს ტილმა ანგარიში ხუთამდე გაზარდა. ეს მისი პირველი გოლი გახლდათ „ორანიეს“ შემადგენლობაში.
90-ე წუთზე დონიელ მალენმა მეექვსე გაიტანა, შემდეგ კი თურქებმა ერთით უპასუხეს — გულის ვითომ მოსაფხანი ჩენგის უნდერმა შეაგდო.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური20/06/2026 | 06:53ალჟირმა პროტესტი შეიტანა
მთავარი ამბავი19/06/2026 | 08:45მესის მამა ჰყოლია ცუდად
აქეთურ-იქითური19/06/2026 | 07:35ჰოლანდი მანჰატენზე თავისუფლად დადიოდა
აქეთურ-იქითური18/06/2026 | 10:34დაბერდა!
