22 ივლისს საქართველოს ჩემპიონი თბილისის „დინამო“ კონფერენციის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჰაიფას „მაკაბის“ დაუპირისპირდება. დღეს კი მან და ფორვარდმა გიორგი გაბედავამ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.
„ჰაიფას „მაკაბი“ კარგი გუნდია, კარგი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული, ხვალ მძიმე თამაში გველის. „მაკაბიმ“ დამაჯერებლად მოიგო ჩემპიონატი. ჩვენი მეტოქე საკმაოდ საინტერესო ფეხბურთს თამაშობს და საინტერესოა, მათთან თავს როგორ წარმოვაჩენთ. ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ აგრესიულად ვეთამაშოთ და მეტოქემ თავისი თამაში არ მოგვახვიოს თავს. ეს თუ გამოგვივა, შემდეგ ეტაპზე გასვლის კარგი შანსი გვექნება“.
„ნეფთჩისთან“ მარცხი ყველასთვის მტკივნეული იყო, განსაკუთრებით ფეხბურთელებისთვის. „მაკაბისთან“ დაპირისპირება კი რეაბილიტაციისთვის კარგი შანსია. გუნდს შეუძლია, რომ დამაკმაყოფილებელი შედეგებით „ნეფთჩისთან“ წაგება ისტორიას ჩააბაროს. „დინამო“ თბილისი „ნეფთჩისთან“ წაგებას არცერთ მატჩში არ იმსახურებდა. შემიძლია ნებისმიერს შევეკამათო.
„საბედნიეროდ, ტრავმები არ გვაქვს. იმ მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელიც ბოლო პერიოდში შეიქმნა და იმ ფსიქოლოგიური წნეხის გამო, რომელიც როინ კვასხვაძეს აწუხებდა, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა დასრულებულიყო. მეკარისთვის ასეთი მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა. მინდა მას მომავალში წარმატება ვუსურვო“.
„ყველა წარუმატებელი თამაში ყოველთვის მწვრთნელის პასუხისმგებლობაა”,- თქვა კახა ცხადაძემ.
თავის მხრივ გიორგი გაბედავამ ეს დაამატა:
„ორმაგად საწყენია როცა მეტოქეს ორივე შეხვედრაში აჯობებ და მაინც დამარცხდები. ეს ფსიქოლოგიურად რთული მომენტია. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უკვე უნდა დავივიწყოთ ეს თამაშები. ხვალინდელი თამაშისთვის მაქსიმალურად კონცენტრირებულები ვართ. შანსი გვაქვს დავამტკიცოთ, რომ კარგი ფეხბურთის თამაში შეგვიძლია”, – თქვა გაბედავამ.