შინდაგორიძეა თუ ჰერსტი?

Home დავთარი შინდაგორიძეა თუ ჰერსტი?
შინდაგორიძეა თუ ჰერსტი?
May be an image of 4 ადამიანი, ხალხი დგას და people playing sports
გიორგი ყრუაშვილმა ტყუილი გოლი ჩათვალა

ჩვენი ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები ამბობენ, გაისიდან საქართველოს ჩემპიონატში VAR (ვიდეოარბიტრი) დამკვიდრდებაო. საკმაოდ ძვირი სერვისია, მაგრამ აუცილებელი.

კვირას, „ბათუმი“ – „საბურთალოს“ ტურის ცენტრალური მატჩის მე-6 წუთზე, მასპინძელმა ლაშა შინდაგორიძემ, დაახლოებით 30 მეტრიდან უძლიერესად დაარტყა, ბურთი ხარიხას მოხვდა და კარის ხაზის წინ, სანტიმეტრებში დაეცა. თანამსაჯებთან მცირე კონსულტაციის შემდეგ, არბიტრმა გიორგი ყრუაშვილმა, გოლი ჩათვალა. არადა, ვიდეოგამეორებაზე კარგად გამოჩნდა, რომ ბურთს კარის ხაზი არ გადაუკვეთავს… ცხადია, გადაწყვეტილებამ სტუმარ საბურთალოელებზე უარყოფითად იმოქმედა. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, ზღვისპირელებმა თამაშითაც აჯობეს თბილისელებს.

ბათუმელთაგან საუკეთესო ვლადიმერ მამუჩაშვილი გახლდათ, რომელმაც პენალტიც გაიტანა და ორი საგოლე პასითაც გამოირჩა.

„ბათუმი“ კვლავაც ინარჩუნებს ლიდერობას. ახლა მათ ყველაზე მეტი ბურთი აქვთ გატანილი და ყველაზე ნაკლები გაშვებული.

იმარჯვა ბათუმელთა მთავარმა კონკურენტმა, თბილისის „დინამომ“. მოქმედმა ჩემპიონებმა აუტსაიდერ „თელავს“ უმასპინძლეს. კახელებს პირველად თავკცობდა ახალი მთავარი მწვრთნელი, 41 წლის გიორგი მიქაძე, რომელსაც თავის დროზე „დინამოში“, „ლოკომოტივში“, „ზესტაფონში“ და კიდევ არა-ერთ ქართულ კლუბში უთამაშია. მწვრთნელობა 2013 წლიდან დაიწყო. მუშაობდა „ზესტაფონში“, მარტვილის „მერანში“ და ასაკობრივ ნაკრებებში.

May be an image of ერთი ან მეტი ადამიანი, people playing sports და ბალახი

დებიუტი ვერ გამოუვიდა სახარბიელო მიქაძეს. დინამოელებმა 18 წლის საბა ხვადაგიანის სადებიუტო გოლით მოიგეს. თელაველები კი ბოლო რვა ტურში მეექვსედ დამარცხდნენ.

„ლოკომოტივმა“ ნიდერლანდელი ულად-ომარ იმრანის დუბლითა და გიორგი იაკობიძის გოლით 3:1 სძლია „სამტრედიას.“

ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა „ტორპედომ“. ქუთაისელებმა ერთ-ერთი ლიდერი „დილა“ ფადი ზიდანის გოლით დაამარცხეს. ეს პალესტინელის მესამე გოლი გახლავთ ეროვნულ ლიგაში. აი, გორელებმა კი ბოლო დროს დაამუხრუჭეს – ზედიზედ მეორედ დამარცხდნენ. მიჯრით მეორედ მოიგო „სამგურალმაც.“ წყალტუბოელებმა ამჯერად „შუქურას“ სძლიეს მინიმალური ანგარიშით. და ვინ გაიტანდა ამ ბურთს, თუ არა სერგო კუხიანიძე…

დინამო – თელავი 1:0

1:0 ხვადაგიანი (64)

სამგურალი – შუქურა 1:0

1:0 კუხიანიძე (8)

გაძევება: რეხვიაშვილი (89) – შუქურა

ტორპედო – დილა 1:0

1:0 ზიდანი (49)

ბათუმი – საბურთალო 4:1

1:0 შინდაგორიძე (6), 1:1 კოხრეიძე (42), 2:1 მამუჩაშვილი (57 პენ), 3:1 ფანცულაია (73), 4:1 მანჯგალაძე (78)

ლოკომოტივი – სამტრედია 3:1

1:0 იმრანი (10), 1:1 კვირკვია (53), 2:1 იაკობიძე (66), 3:1 იმრანი (72)

[table id=33 /]

მეგოლეები: ზორან მარუშიჩი (დინამო) – 7, გიორგი ფანცულაია (ბათუმი), იური ტაბატაძე (საბურთალო) – 6, ჯაბა ჯიღაური (ბათუმი), ულად-ომან იმრანი (ლოკომოტივი), სერგო კუხიანიძე (სამგურალი), დმიტრი მამნდრიჩენკო (საბურთალო),       გიორგი გაბედავა (დინამო) – 5

ავტორის პროფილი

სოლომონ გულისაშვილი
სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.