კვარაცხელიების პენალტები

კვარაცხელიების პენალტები

ეროვნულ ლიგაში მე-16 ტურის შემდეგ ცხრილის ზედა ნაწილში ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა. მართალია, ლიდერმა „იბერიამ“ „ბათუმთან“ 1:0 გაიმარჯვა, ხოლო მისი უშუალო მდევარი „ტორპედო“ შინ „გაგრასთან“ 1:2 დამარცხდა და თბილისელებს 4 ქულით ჩამორჩა, მაგრამ მათ „რუსთავი“ წამოეწია, რომელმაც „სპაერს“ 2:1 სძლია. ახლა „ტორპედოს“ და „რუსთავს“ 26-26 ქულა მოუგროვდათ, მეოთხე ადგილზე მყოფ „დინამოს“ – 25.

„ბათუმმა“ ექვსმატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა და 21 ქულით მეხუთე ადგილზე დგას. „დილა“ შინ დამარცხდა „სამგურალთან“ 2:3 და მერვე ადგლზეა. გორელებმა ბოლო ოთხ შეხვედრაში მხოლოდ ერთი ქულა აიღეს.

„მეშახტე“ ზედიზედ მეშვიდედ დამარცხდა, ამჯერად „დინამოსთან“ – 1:6 და 10 ქულით აშკარა აუტსაიდერია. დინამოელთაგან დუბლი მიითვალა კოტდივუარელმა ნახევარმცველმა აბდულაი იორომ.

თავის გამოჩენა შეეძლო უმცროს კვარაცხელიას, თორნიკეს, რომელიც სულ რამდენიმე წუთის შესული იყო მოედანზე, როცა გიორგი ხარაიშვილს შესანიშნავი პასი მისცა და ის საჯარიმოში წააქციეს. პენალტი თავად თორნიკემ დაარტყა, მაგრამ მასპინძელთა მეკარე ლევან ტყეშელაშვილმა მოიგერია.

საინტერესოა, რომ იმავე დღეს მისმა უფროსმა ძმამ, ხვჩამ, ჩემპიონთა ლიგის ფინალში „არსენალის“ წინააღმდეგ პენალტი აიკიდა, რომლითაც პარიზელებმა ანგარიში გაათანაბრეს. ამ ეპიზოდმა მთლიანად შეცვალა მატჩის მიმდინარეობა და პსჟ-მ ზედიზედ მეორედ მოიგო ყველაზდე  პრესტიჟული საკლუბო ტურნირი.

ტორპედო 1:2 გაგრა

0:1 სკრიპნიკი (2), 1:1 ანდრიჩი (15), 1:2 მუჯირი (21)

დილა 2:3 სამგურალი

1:0 ანოფი (15), 1:1 ველისოლო (43 პენ), 2:1 შეყილაძე (45+4). 2:2 სებოლინია (55), 2:3 ვინისიუსი (90)

რუსთავი 2:1 სპაერი

1:0 ალმეიდა (29), 1:1 ცეცხლაძე (63), 2:1 გუჯაბიძე (82)

იბერია 1:0 ბათუმი

1:0 ბედოშვილი (25)

მეშახტე 1:6 დინამო

0:1 კურდიჩი (5), 0:2 ვაწაძე (20), 0:3 უგრეხელიძე (27), 0:4 იორო (63), 1:4 კვირკვია (73), 1:5 იორო (83), 1:6 სირაძე (87)

ავტორის პროფილი

სოლომონ გულისაშვილი
სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.