ჩხვიმიანის ოქრო რუსეთიდან

Home კატეგორიის გარეშე ჩხვიმიანის ოქრო რუსეთიდან
ჩხვიმიანის ოქრო რუსეთიდან

რუსეთის ქალაქ ყაზანში 5 მაისს ძიუდოს გრანდ სლემი დაიწყო. პირველ დღეს ქართველთაგან ტატამზე ლუხუმ ჩხვიმიანი (60), ბაგრატ ნინიაშვილი (66) და ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (52) გავიდნენ. აქედან მედალს მხოლოდ ჩხვიმიანი შესწვდა, ამასთან უმაღლესი ხარისხის.

ლუხუმ ჩხვიმიანი წლის საუკეთესო მამაკაცი ძიუდოისტია60 კილოგრამი წონით კატეგორიის ფინალში ჩხვიმიანმა რუსეთის სახელით მოჭიდავე რობერტ მშვიდობაძეს მოუგო. ფინალი დრამატული გამოდგა. ძირითადმა ხუთწუთეულმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა და ძიუდოისტებმა პირველ მომგებიან ქულამდე იჭიდავეს. ეს კი, ჯამში 14 წუთსა და 17 წამს გაგრძელდა. საბოლოოდ, ჩხვიმაინმა შებოჭვაზე დაიჭირა მეტოქე და ქართულ დელეგაციას პირველი ოქროს მედალი მოუტანა.

შეგახსენებთ, რომ ჩხვიმიანმა ფინალისკენ გზა კამერუნელი ბერნადინ წალა წალას დამარცხებით დაიწყო, რომელსაც ზედ პორტუგალიელი როდრიგო კოსტა ლოპესი, ჩეხი დავიდ პულკრაბეკი და რუსი რამაზან აბდულაევი მიაყოლა.

მედალთან ახლოს იყო 66 კილოგრამი წონით კატეგორიაში მოჭიდავე ნინიაშვილი, რომელიც მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ყაზახ იასატ კუანოვთან შეხვედრის დასრულებამდე 15 წამით ადრე ვაზარზე მოჰყვა.

არადა, ნინიაშვილმაც კარგად დაიწყო და ერთმანეთის მიყოლებით ჯერ სერბი სტრაჰინია ბუნჩიჩი დაამარცხა, შემდეგ მოლდოველ დენის ვეირუ და რუსი არამ გრიგორიანი. თუმცა, ნახევარფინალში ასევე რუს მურად ჩოპანოვთან წააგო და მერე ბრინჯაოსთვის ბრძოლაშიც დამარცხა.

ლევიცკა-შუკვანი შვეიცარიელ ფაბიენ კოხერთან ვაზარით იგებდა, მაგრამ სამი წამით ადრე მესამე გაფრთხილება მიიღო და ტურნირს დაემშვიდობა.

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...