უეფამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ევროპის ლიგის ფინალურ შეხვედრას გულშემატკივრები დაესწრებიან, თუმცა, ბუნებრივია, მათი რაოდენობა შეზღუდული იქნება.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ლიგის ფინალი პოლონურ გდანსკში 26 მაისს გაიმართება. პოლონურმა მხარემ დასტური მისცა უეფას, სტადიონზე ტევადობის 25%, ანუ 9500 მაყურებელი შეუშვას. ამ რაოდენობიდან 2-2 ათას ბილეთს ფინალისტები მიიღებენ. კიდევ 2 ათასი ბილეთი უეფას საიტზე ღია გაყიდვაში დაიდება. დარჩენილ 3500 ბილეთს უეფა, ადგილობრივი ორგკომიტეტი, ეროვნული ასოციაციები, სპონსორები და ადგილობრივები გაინაწილებენ.
ფინალში გასასვლელად „არსენალი“ – „ვილიარეალს“ ეომება და პირველ შეხვედრაში სტუმრად 1:2 დამარცხდა. რაც შეეხება მეორე წყვილს, „რომა“ 2:6 მარცხის შემდეგ „მანჩესტერთან“ უშანსო ჩანს.