„კამპ ნოუზე” ეგრეთწოდებული „ოქროს ბურთების მფლობელთა დაპირისპირება” კრიშტიანუ რონალდუმ მოიგო. პორტუგალიელმა ერთი პენალტი შესვენებამდე გაიტანა, ერთიც — შესვენების შემდეგ. „იუვენტუსმა” „ბარსელონას” სტუმრად 3:0 აჯობა და ჩემპიონთა ლიგის G ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა.
„ბებერი ქალბატონის” მესამე გოლი ამერიკელმა ვუნდერკინდმა ვესტონ მაკკენიმ შეაგდო. ეს გახლდათ კარგად გათამაშებული კომბინაციის ლამაზი დაგვირგვინება, ხოლო რონალდ კუმანის გუნდისთვის ეს იყო ბოლო ოთხ შეხვედრაში მესამე მარცხი. ლაპარაკია, ყველა შეჯიბრებაში ერთად.
„იუვენტუსმა” „ბარსელონას” აჯობა, თუმცა ამ შეხვედრას კიდევ ერთი მთავარი თემა ჰქონდა: კრიშტიანუ რონალდუსა და ლეო მესის დაპირისპირება. თანამედროვე ფეხბურთის ეს ორი ზე-ვარსკვლავი 2018 წლის მაისის შემდეგ აღარ შეხვედრია ერთმანეთს. მაშინდელი მატჩი დასრულდა ფრედ, 2:2. გოლი რონალდუმაც გაიტანა და მესიმაც, თუმცა შემდეგ ჩემპიონი რონალდუს გუნდი, „რეალი” გახდა. და აი, ორი წლისა და შვიდი თვის შემდეგ ეპოქის უდიადესნი კვლავ ერთმანეთის პირისპირ წარსდგნენ: ეს იყო მათი 36-ე შეხვედრა, რომელიც „რონალდუს შოუ” გამოდგა.
რონალდ კუმანი: „დღევანდელი თამაში პირველ 30 წუთში წავაგეთ. ცუდად დავიწყეთ, შიშით, აგრესიის გარეშე. თითქოს, მოედანზე იმიტომ კი არ გავედით, მატჩის სადავეები ხელში რომ აგვეღო, არამედ იმიტომ, რომ არ წაგვეგო. „იუვემ” დიდი პრესი მოგვიწყო, ჩვენ კი ბურთს ვერ ვაკონტროლებდით და დაცვაში ვცდებოდით. მეორე ტაიმში გაცილებით უკეთ ვითამაშეთ, მაგრამ შეხვედრა პირველ ნახევარ საათში წავაგეთ.
მე, როგორც მწვრთნელმა, ვცადე გუნდი ამ მატჩისთვის კარგად მომემზადებინა. თამაშის წინ ვთქვით, რომ მოედანზე კომპაქტურები, შეკრულები უნდა ვყოფილიყავით, მაგრამ ამისათვის ფეხბურთელებს თავიანთი ინდივიდუალური ორთაბრძოლები უნდა მოეგოთ. ხაზებს შორის დიდძალ სივრცეებს ვტოვებდით… „იუვენტუსის” დარტყმულ პენალტებზეც შეიძლება კამათი. პირველი არ იყო. და, თუ რონალდუზე ასეთი პენალტი დაინიშნა, მაშინ მსგავსი პენალტი, პირველსავე ტაიმში, მესიზეც უნდა დანიშნულიყო”.
ჩემპიონთა ლიგაში, რონალდუ და მესი აქამდე ხუთჯერ შეხვედროდნენ ერთმანეთს და პორტუგალიელს ამ ხუთი შეხვედრიდან მხოლოდ ერთხელ გაემარჯვა — 2007/08 წლების სეზონში, როდესაც ის „მანჩესტერ იუნაიტედში” გამოდიოდა. ახლა, მეექვსე დაპირისპირება, მან „იუვეს” მაისურით მოიგო.
მიმდინარე გათამაშებაში, „იუვენტუსისა” და „ბარსელონას” პირველ შეხვედრაში, რონალდუს მონაწილეობა არ მიუღია, კორონავირუსით იყო ავად. ის შეხვედრა „ბარსამ” 2:0 მოიგო; მესიმ 90+1 წუთზე პენალტი გაიტანა.