„მანჩესტერ იუნაიტედმა” კვლავ ნახევარფინალი წააგო. ამჟამად, ევროლიგაში, „სევილიასთან” – 1:2. ეს თამაში კიოლნში გაიმართა.

სეზონის პირველი ნახევარფინალი, რომელშიც ოლე გუნარ სულშერის გუნდი დამარცხდა, ინგლისის ლიგის თასზე, თანაქალაქელ „სიტისთან” იყო (1:3; 1:0); მეორე — ასოციაციის თასზე, „ჩელსისთან”, 1:3.

„სევილიასთან” შეხვედრაში ანგარიში მანჩესტერელებმა გახსნეს: ბრუნო ფერნანდეშმა მე-9 წუთზე პენალტი შეაგდო, მაგრამ 26-ე წუთზე სუსომ გაქვითა, 78-ზე კი ლუკ დე იონგმა ესპანური გუნდის გამარჯვების გოლი გაიტანა.

მანჩესტერელთა თავდასხმის ტრიომ — მარკუს რეშფორდმა, ანტონი მარსიალმა და მეისონ გრინვუდმა — ისევე როგორც „კოპენჰაგენთან” მეოთხედფინალურ შეხვედრაში, ვერც ამჯერად გაიტანა გოლი.

ამრიგად, სეზონი, რომელიც „მანჩესტერ იუნაიტედმა” 2019 წლის აგვისტოში, „ჩელსისთან” 4:0 მოგებით დაიწყო, 371 დღის შემდეგ, კიოლნში, „სევილიასთან” 1:2 წაგებით დაასრულა — ეს გახლდათ მათი 61-ე მატჩი.

ერთადერთი, რითაც „იუნაიტედს” შეუძლია თავი დაიმშვიდოს ის არის, რომ პრემიერლიგაში მესამე ადგილზე გავიდა და მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებს.

რაც შეეხება „სევილიას”, ის ფინალში „შახტარსა” და „ინტერს” შორის გამარჯვებულს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ ანდალუსიელებს ეს ჯილდო ხუთჯერ, 2006,2007, 2014, 2015, 2016 წლებში აქვთ მოგებული.