ვარჯიშობს „ატლეტიკო”

ჩემპიონთა ლიგაში „ლაიპციგთან” მეოთხედფინალურ მატჩამდე ოთხი დღით ადრე, „ატლეტიკოში” covid 19-ის ორი შემთხვევა დადასტურდა. დიეგო სიმეონეს გუნდი ლისაბონში ხუთშაბათს თამაშობს.

ორმა დადებითმა ტესტმა მადრიდელებს მზადების გეგმა აურია, რადგან დაავადებულები ახლა ვარჯიშებს უნდა გამოაკლდნენ და შინ დარჩნენ. მათი ვინაობა არ დაუსახელებიათ, მაგრამ AS-მა დაწერა, რომ ისინი ფეხბურთელები არიან.

„ატლეტიკო” პორტუგალიის დედაქალაქში დღეს საღამოს უნდა გაფრენილიყო, მაგრამ ვინაიდან მთელი გუნდისთვის ტესტი თავიდან გახდა ასაღები, ფრენა სულ მცირე სამშაბათამდე გადაიდო. შესაბამისად, ხელახლაა დასამუშავებელი ვარჯიშების გრაფიკიც.

ლა ლიგის მესამეადგილოსანმა ჩემპიონთა ლიგაში ბოლოს 11 მარტს, ლივერპულში, „ენფილდ როუდზე” ითამაშა და 3:2 მოიგო. იმ შეხვედრიდან 12 დღეში კი დიდ ბრიტანეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

აღსანიშნავია, რომ გაერთიანებული სამეფოს ერთ-ერთი წამყვანი ეპიდემიოლოგის ტიმ სპექტორის აზრით, ბრიტანეთში კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა სწორედ ამ მატჩმა და ცხენოსანთა ტრადიციულმა ჩელტენჰემის ფესტივალმა გაზარდა.

იმ დღეს, 11 მარტს, „„ენფილდზე” თამაშს 52 000 მაყურებელი დაესწრო, რომელთაგან 3 000 უკვე გვარიანად ინფიცირებული მადრიდიდან იყო ჩასული. ესპანეთში სპორტული სანახაობები უკვე აკრძალული გახლდათ.