ახლა უფრო ვრცლად იმის შესახებ, რომ 17 ივნისს პრემიერლიგა ბრუნდება: ტელევიზიით გადაიცემა ყველა 92 შეხვედრა. ინგლისში მათი მესამედის ტრანსლაცია იქნება უფასო.

თავიდან ჩატარდება გადადებული შეხვედრები: „მანჩესტერ სიტი” – „არსენალი” და „ასტონ ვილა” – „შეფილდი”. შემდეგ გაიმართება სრული ტური.

„მალე ფეხბურთი დაბრუნდება!” — ახარა სოციალურ ქსელში გულშემატკივარს თავდამსხმელმა ჰარი კეინმა.

წარსულში ლეგენდარული ფორვარდი და ცნობილი ტელემიმომხილველი ჰარი ლინეკერი: „ბრუნდება, ბრუნდება, ბრუნდება… ფეხბურთი ბრუნდება!”

თუ კორონავირუსმა ხელი არ შეუშალა, ჩემპიონატის დამთავრება 2 აგვისტოს არის დაგეგმილი.

რასაკვირველია, ყველა შეხვედრა მაყურებლის გარეშე ჩატარდება. ფეხბურთელები და კლუბების თანამშრომლები რეგულარულად გაივლიან ტესტირებას.

როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ინგლისში მოეწყობა ყველა თამაშის ტრანსლაცია. თამაშებს გადასცემენ „სქაი სპორტი”, „BT სპორტი”, BBC და „ამაზონ პრაიმი”. 29 თამაშის ნახვა უფასოდ იქნება შესაძლებელი.

შუა კვირის თამაშების ტრანსლაცია გადაიცემა საღამოს 6 და 8 საათზე (ჩვენებურად 21 და 23). შაბათობით მატჩები ჩატარდება 12:30 (ჩვენებურად 15:30), 3 (6), 17:30 (20:30) და 8 (23), ხოლო კვირაობით 12 (15), 2 (5), 16:30 (19:30) და 7 (22) საათზე.

პარასკევისა და ორშაბათის თამაშებს მაყურებელი ნახავს 8 (23) საათზე

შეთანხმდნენ, რომ შუა კვირა ეწოდოს სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს, რაც იმას იმას ნიშნავს, რომ პრემიერლიგა ყოველდღე ითამაშებს.

საყოველთაო აზრით, 17 ივნისი ის თარიღია, რომლისთვისაც უსაფრთხოების ყველა თადარიგი მოესწრება.

ეს იქნება 1992 წლის შემდეგ პირველი შემთხვევა, როდესაც ბრიტანეთში შიდა ჩემპიონატის თამაშებს BBC გადასცემს. შეგახსენებთ, რომ 92-ში პრემიერლიგის პირველი სეზონი ჩატარდა.

„BBC სპორტის” დირექტორი ბარბარა სლეიტერი: „BBC-სა და ჩვენი მაყურებლისთვის ისტორიული მომენტია. დღეს, როდესაც მთელს ქვეყანაში სპორტის მოყვარულები მხარში დგომას საჭიროებენ, ჩვენ მათ პრემიერლიგის ოთხ თამაშს უფასოდ, ყოველგვარი კაბელის გარეშე შევთავაზებთ”.

„BT სპორტმა” განაცხადა, რომ 20 თამაშს გადასცემს, „ამაზონზე” კი 4 შეხვედრის რეპორტაჟი გავა.

გამოდის, რომ მატჩების დიდ უმრავლესობას (64) ისევ „სქაი სპორტი” აჩვენებს. მათგან 25 რეპორტაჟის ნახვაში მაყურებელი ფულს არ გადაიხდის. უფასო იქნება განახლებული ჩემპიონატის პირველ ტურში დანიშნული „ევერტონი” – „ლივერპული” ანუ მერსისაიდური დერბი, რომელიც ყველა ლოგიკით კომერციული უნდა ყოფილიყო.

აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთში საგანგებო მდგომარეობის წესებს თანდათან ამსუბუქებენ. პრემიერ მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით, ორშაბათიდან ინგლისში ხალხს პარკებში ექვს-ექვსად შეეძლებათ გასვლა, ოღონდ ორმეტრიანი დისტანცია უნდა დაიცვან.