შაბათს, „ასტინ ვილას” კაპიტანმა ჯეკ გრილიშმა თავის „ტვიტერზე” ვიდეომიმართვა დადო — ხალხს პანდემიის პერიოდში შინ დარჩენისკენ მოუწოდა, კვირას კი თავისი 70 ათას გირვანიქიანი მანქანა, ქუჩაში, ორ გაჩერებულ ავტომობილს დააჯახა. ეს ამბავი ბირმინგემის გარეუბანში მოხდა. გრილიშის მანქანა გახლავთ თეთრი „რენჯ როვერი”.
ფეხბურთელის საქციელმა ინგლისურ მას მედიას სალაპარაკო მისცა. სათაურიც, covidიდიოტი, ერთ-ერთი ინგლისური გამოცემისგან გვაქვს ნასესხები.
სოციალური ქსელები მოიარა თეთრი „რენჯ როვერისა” და მავანთან მოლაპარაკე გრილიშის ფოტოებმა. საინტერესოა, რომ „ვილას კაპიტანს” ფეხებზე სხვადასხვა ჩუსტი აცვია, ხოლო მისი მეორე თეთრი ჩუსტი რატომღაც თანამოსაუბრეს აქვს იღლიაში ამოჩრილი.
ზოგი გამოცემა თავს იზღვევს და წერს, რომ არ არის ცნობილი, როდის გადაიღეს ეს ცალ-ცალ ჩუსტიანი ფოტო. რაკი ის ავარიასთან ერთად დაიდო, სავარაუდოდ კვირისაა, მაგრამ ამის კატეგორიულად მტკიცება მაინც არ შეიძლება. ხომ შეიძლება ვინმემ ხუმრობისთვის ძველი ფოტო დაპოსტა.
უფეხბურთობისგან მოცლილმა ინგლისურმა პრესამ მოწმეებს დაუწყო ძებნა. იპოვა კიდეც. ის ხალხიც კი მოიძიეს, რომელმაც თქვა, რომ გრილიში დილით ამ თავისი თეთრი მანქანით „ასტონ ვილას” საწვრთნელი ბაზისკენ მიეშურებოდა.
გრილიშთან ერთად დაინახეს ყოფილი ფეხბურთელი ტონი კაპალდი. ზედ ავარიის წინ კი „ვილას” კაპიტანი იმ სახლიდან გამოვიდა, რომელშიც მის ყოფილ თანაგუნდელს როს მაკკორმიკს მდიდრული ბინა აქვს. ანუ, დიდი შანსია, რომ გრილიშმა გაჩერებული მანქანები მაკკორმიკის მეზობლებს დაუმტვრია.
კომენტარისთვის ვერც გრილიში გამოიჭირეს და ვერც მაკკორმიკი.
ჯეკ გრილიში 24 წლისაა, მისი გასამრჯელოა კვირაში 45 000 გირვანქა.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 14:14დიომანდეს ბავშვობის საყვარელი გუნდი არის ლივერპული… არა პსჟ!
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 10:57დაგვიანება ამერიკული მოვლენაა?
მთავარი ამბავი17/06/2026 | 09:12მესი! მესი! მესი!
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 09:11თურმე ესპანელებს პირველი თამაში არ ეხერხებათ
