იურგენ კლოპი რომ ქარიზმატული კაცია და არც იუმორი დაეწუნება, ცნობილი ამბავია. აი, ამას წინათ, კორონავირუსის შესახებ ჰკითხეს, მან კი მიუგო: „ბეისბოლის კეპი მახურავს და წვერგაუპარსავი ვარ, მე რას მეკითხებით, ვისაც მაგისი გაეგება, იმათ ჰკითხეთ.“

ახლა კი, ამ ეპიდემიის გამო პრემიერლიგის გათამაშება შეწყვეტილია და გერმანელიც „ენფილდს“ ინტერვიუსთვის ეწვია. ინტერვიუც ისეთი იყო, თავისუფალი ჩარჩოებისგან.

რამდენიმე ციტატა:

… ეს ფეხბურთია. უბრალოდ თამაში. არც თუ სერიოზული რამ. ცხოვრებაში გაცილებით მნიშვნელოვანი რაღაცეები არსებობს. ამიტომ, ეცადეთ ისიამოვნოთ.

… ახალგაზრდობაში საშუალო ფეხბურთელი ვიყავი. მაგრამ ყველა მწვრთნელი გუნდისთვის საჭირო მოთამაშედ მთვლიდა. ძრავასავით გახლდით. შემეძლო პარტნიორების აყოლიება, თუ რაღაც კარგად ვერ მიდიოდა, ვეუბნებოდი მათ როგორ გაეკეთებინათ უკეთ. ეს თვისება ძალიან დამეხმარა მწვრთნელობისას.

… ახლა მე უფროსი ვარ. მე ვწყვეტ ვინ ითამაშებს, როდის ვივარჯიშებთ და რას გავაკეთებთ. თუმცა ამ გადაწყვეტილებებს შორის ფეხბურთელების მეგობარიც შეიძლება ვიყო.

… ყოველთვის ვამბობ – მოთამაშეების მეგობარი ვარ, მაგრამ არა საუკეთესო მეგობარი. მათ ყველაფერი იციან ჩემი ოჯახის, მეუღლის, შვილების შესახებ…

… უნდა იცოდეთ, ვისთან მუშაობთ. რატომ არის ზოგი უფრო მოტივირებული. მათ თავისუფლად შეუძლიათ ჩემთან საუბარი და ეს ბევრ პრობლემას წყვეტს.