გემოვნების ამბავია, ვის რა მოსწონს, თუმცა „ატლეტიკო“ გოლს პირველი რომ გაიტანს, შემტევი ფეხბურთის მოყვარულთათვის, იმ თამაშისთვის აღარ შეიხედება. „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ გამართულ შემთხვევაში „ტრაგედია“ დატრიალდა და საულმა გოლის გატანა უკვე მე-4 წუთზე მოახერხა. რას ნიშნავს ეს? „ატლეტიკომ“ ის ფეხბურთი ითამაშა, რომელიც ასე კარგად გამოსდის და მათი კარისკენ მიმავალი ყველა გზა გადაკეტა. ამაზე სტატისტიკაც მეტყველებს, დღეს ევროპის ყველაზე მაგარმა გუნდმა კარში ზუსტად ერთხელაც ვერ დაარტყა. ეს იმას არ ნიშნავს, თითქოს მერსისაიდელებს მომენტი არ ჰქონიათ, სალაჰს და ჰენდერსონს შეეძლოთ გატანა, თუმცა მიზანმა უმტყუნათ.
სანახაობა „სიგნალ იდუნა პარკზე“ გაიმართა. „დორტმუნდისა“ და პსჟ-ს შეხვედრაში, ფურცელზე, რა თქმა უნდა, ფავორიტები ფრანგები იყვნენ, თუმცა სტადიონზე ყველაფერი პირიქით განვითარდა. მატჩის დასაწყისში პარიზელებმა ზონები გახსნეს, იფიქრეს ყველაფერს ამ სტადიონზე დავამთავრებთო, თუმცა „ბორუსიამ“ მატჩის მნიშვნელობა გაითვალისწინა, ჩვეულ აღარ გახსნა და მეტოქეს კონტრშეტევებზე ბევრი სანერვიულო გაუჩინა. მიუხედავად ამისა, შესვენებამდე გოლი არ გასულა.
მეორე ტაიმისა და, საერთოდ, შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელი ერლინგ ჰოლანდი გახდა. ნორვეგიელმა ანგარიში გახსნა, ისეთი გაიტანა, ფორვარდის კლასი რომ იგრძნობა, ნეიმარის საპასუხო გოლის შემდეგ კი, საჯარიმოს გარედან დაარტყა და კეილორ ნავასს შანსი არ დაუტოვა.
საბოლოოდ, 2:1. „დორტმუნდმა“ დაამტკიცა, რომ დაცვაში თამაშიც შეუძლია..

მატჩის შემდეგ, დორტმუნდელი ფეხბურთელები გახარებულები იყვნენ, თუმცა სიფრთხილე არ ავიწყდებოდათ.

ლუსიენ ფავრი (დორტმუნდის მწვრთნელი): “როგორც ემრე ჩანმა, ასევე მთელმა გუნდმა მშვენივრად ითამაშა. განსაკუთრებით კი – დაცვაში. პირველ ტაიმში ბევრი მომენტი გვქონდა, თუმცა გოლები შესვენების შემდეგ გავიტანეთ. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ კედლებში გოლი გავუშვით, ოპტიმიზმის საფუძველი ნადმვილად გვაქვს. ნეიმარის გოლის შემდეგ, ბიჭებმა რეაქცია გამოავლინეს და შეტევაზე მაშინვე გადავიდნენ. ჰოლანდმა დაცვაშიც ითამაშა. როდესაც ის მოედანზე გყავს, შეგიძლია მაღალი ბურთი გადაუგდო, რომელზეც ითამაშებს და მისი შენარჩუნება შეუძლია. მეორე გოლისას მას რეინამ ბრწყინვალე გადაცემა გაუკეთა, ჰოლანდმა კი ეს მომენტი მშვენივრად დააგვირგვინა.”

ერლინგ ჰოლანდი: „მახარებს, რომ შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელი გავხდი, თუმცა ვგრძნობ, რომ მეტის გაკეთება შემიძლია. ასეთი დონის შეხვედრებში უკეთ თამაში მმართებს, ბევრი უნდა ვივარჯიშო და პროგრესი არ შევწყვიტო. რაც შეეხება შედეგს, ეს სახიფათო ანგარიშია, რადგან პარიზში სათამაშოა, პსჟ-ს კი ძლიერი გუნდი ჰყავს. ჩემი სურვილია ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გავხდე. როდესაც მეორე გოლი გავიტანე, დარტყმაზე დიდ ხანს არ მიფიქრია, ხელში მომენტი ჩამივარდა და მეც გამოვიყენე. ეს ის წამი იყო, რის გამოც წლებია ვვარჯიშობ. ეს ფანტასტიკურია”

პიშჩეკი (დორტმუნდის კაპიტანი): „ეს ფანტასტიკური გამარჯვება იყო! ვიცოდით, რომ პარიზელებთან ადვილი არ იქნებოდა, მაგრამ კარგად ვითამაშეთ. პირველ ყოვლისა, ამაყი ფანების გამო ვარ, რადგან დღესაც ისეთი საღამო გვაჩუქეს, როგორც დორტმუნდის გულშემატკივრებს შეეფერებათ.“

ემრე ჩანი: „ეს იდეალური თამაში არ ყოფილა, თუმცა კარგი კი ნამდვილად გამოვიდა. დაცვაში მაგრად ვითამაშეთ და დავამტკიცეთ, რომ ვიცით, ჩვენი კარისკენ მიმავალი გზები როგორ გადავკეტოთ. პსჟ-ს გოლის გატანის ერთი ან ორი შანსი ჰქონდა, რაც ჩვენ კარგ თამაშზე მეტყველებს.“