სოფიაში რომ წააგეო…

Home დავთარი სოფიაში რომ წააგეო…
სოფიაში რომ წააგეო…

საჩოგბურთო სეზონი თვეზე მეტია დასრულდა და ვიდრე სპორტსმენები 2020 წლისთვის და მორიგი ბატალიებისთვის ემზადებიან, სამეფო სპორტში მორიგი სკანდალი აგორდა, რომელიც ჩაწყობილ მატჩებს უკავშირდება.

სომხურ მაფიის მიერ შემუშავებულ კრიმინალურ სქემაზე, რომელშიც 135 მოთამაშე მონაწილეობდა ინფორმაცია სხვადასხვა პოპულარულმა უცხოურმა სააგენტოებმა ელვის სისწრაფით გაავრცელეს, ჩვენთვის საყურადღებო და ამავდროულად გულდასაწყვეტი კი ამ ამბავში ის იყო, რომ ერთერთ ეჭვმიტანილად ნიკოლოზ ბასილაშვილიც დასახელდა. ჩვენებურის გვარი, უარყოფით კონტექსტში ისეთ ცნობად ჩოგბურთელებთან ერთად არის მოხსენიებული, როგორებიც არიან დიეგო შვარცმანი, ბენუა პერი, მატეო ბერეტინი და ალექს დე მინაური…

Basilashvili furious with unfair allegations of match-fixing. Federer was right when he said…

და რატომ მაინც და მაინც ესენი?

ბუნებრივია, ეს ამბავი მხოლოდ ერთჯერადად გავრცელებული ცნობით არ ამოიწურებოდა და უცხოური მედია უფრო ღრმა კირკიტსაც დაიწყებდა. ერთ-ერთმა პოპულარულმა საჩოგბურთო გამოცემამ ნიკოლოზ ბასილაშვილთან დაკავშირებით კონკრეტული მატჩიც დაასახელა, რომელმაც ეჭვის საფუძველი გააჩინა. მიმდინარე წლის თებერვალში გამართული ATP-ის პრესტიჟული ტურნირი სოფიაში, სადაც ჩვენებურმა, რომელიც უკვე ტოპ ოცეულის წევრი იყო, სასტარტო მატჩი რეიტინგში მასზე გაცილებით უკან მყოფ (464) დენიელ ბრანსთან წააგო.

ვერ უარვყოფთ, ეს მართლაც იყო ტურნირის უდიდესი სენსაცია, მაგრამ მეტი სამართლიანობისთვის ისიც დავძინოთ, რომ ჩოგბურთი, ვთქვათ რაგბისავით, ლოგიკური სპორტი არ არის, სადაც ძლიერი ყოველთვის ამარცხებს სუსტს. მოულოდნელობები სამეფო სპორტისთვის უცხო ხილი ნამდვილად არ გახლავთ და სავსებით შესაძლებელია კორტზე არაფერი გამოგივიდეს. სენსაციურად ვის არ წაუგია და ამის გამო, ამა თუ იმ ჩოგბურთელზე მყისვე რაიმე იარლიყის მიწებება, ცხადია, არასწორია.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა, წლის ბოლო მატჩი, ნოემბერში პარიზის მასტერსზე გამართა და პირველსავე წრეში მოლდოველ რადუ ალბოტთან წააგო, რომელთანაც მანამდე არასოდეს გასჭირვებია. ისე კი, 2019 წლის სეზონში ნიკოლოზ ბასილაშვილმა ყველა ტურნირზე აღებული 28 მატჩი მოიგო და 24 წააგო, ხოლო ჰამბურგში რომ ტიტული დაიცვა, შეხსენება, საჭირო არ უნდა იყოს

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...