ეროვნული ჩემპიონატი ფეხბურთში ზამთრის ძილს მიეცა, ხოლო ქვეყნის საუკეთესო გუნდის წოდება 3 წლიანი პაუზის შემდეგ თბილისის „დინამომ“ რომ დაიბრუნა, შეხსენება საჭირო არ არის.
ქართული ფეხბურთის ფლაგმანისთვის მარტივი სეზონი ნამდვილად არ ყოფილა. დედაქალაქური კლუბი, თანამოსახელე ბათუმელებთან დიდ კონკურენციაში იყო და ერთი ხანობა 10 ქულითაც ჩამორჩებოდა. თბილისელებმა საბოლოოდ ეს სოლიდური სხვაობაც აღმოფხვრეს და ჩემპიონობაც დამსახურებულად იზეიმეს.
მწვრთნელობა უმადური საქმეაო ბევრჯერ გაგვიგონია და ეს მოსაზრება არაერთხელ დადასტურებულა. ალბათ გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ასე მოხდა „დინამოს“ შემთხვევაშიც. ახლო წარსულში, „დინამოს“ და ალბათ არ შევცდებით თუ ვიტყვით, რომ დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ყველაზე გამორჩეული ლეგიონერი ჩისკო მუნიოსი ახლა უკვე ქვეყნის 17-გზის ჩემპიონ გუნდში მწვრთნელის რანგში დაბრუნდა და ამ რანგში სადებიუტო სეზონიც შთამბეჭდავი გამოუვიდა, ახლა კი მან და მთლიანად ესპანური სამწვრთნელო შტაბმა კლუბი დატოვა. მიზეზად ის ითქვა, რომ ჩისკოს პრო-ლიცენზია არ აქვს. „დინამოში“ კი კახა ჩხეტიანი დაინიშნა, რომელიც უკვე წლებია ქუთაისის „ტორპედოსთან“ ასოცირდება. ჩხეტიანის სახელს „საბურთალოსაც“ უკავშირებდნენ, რომელიც ახლახან გია ჭიაბრიშვილმა დატოვა.