მსუბუქი ტვინის შერყევა, რომელიც გოგა ბითაძემ „ვაშინგტონთან“ დაპირისპირების დროს მიიღო უკან მოტოვებულია. იძულებითი შესვენების გამო, „ინდიანა პეისერსის“ ახალბედა ცენტრი, ბოლო 3 მატჩში გუნდს ვერ ეხმარებოდა. საბედნიეროდ, სერიოზული არაფერი აღმოჩნდა და გოგაც პარკეტს „ჰიუსტონთან“ შეხვედრაში დაუბრუნდა.
20 წლის ქართველი ცენტრი მწვრთნელს სასტარტო ხუთეულში არ დაუყენებია და ის საქმეში მეორე მეოთხედის სტარტზე ჩართო. გოგამაც უმალ 2 საჯარიმო ჩააგდო და დიდ შესვენებამდე 3 მოხსნა და ერთი პასიც მიითვალა.
საბოლოო ჯამში ბითაძემ მოედანზე 18 წუთი დაჰყო და გუნდისთვის სასარგებლო იყო. მან 6 ქულა მოინადავლა, თუმცა მისმა გუნდმა გასვლაზე „ჰიუსტონთან“ 102:111 წააგო.
პეისერსის რიგებში საუკეთესო ლიტველი დომანტას საბონისი იყო, რომელმაც ორმაგი დუბლი (18 ქულა, 13 მოხსნა) შეასრულა. ასევე 18 ქულა ჩააგდო დაგ მაკდერმოტმა, როკეტსის გამარჯვება კი შეუდარებელმა ჯეიმს ჰარდენმა განაპირობა, რომლის ანგარიშზეც 44 ქულა გახლდათ.
„იდნიანა პეისერსი“, 12 ტურში 7 გამარჯვებით ამ ეტაპზე აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 17 ნოემბერს შინაურ კედლებში „მილუოკი ბაქსთან“ გამართავს.