ნაგავი წვიმდა ლონდონში

Home კატეგორიის გარეშე ნაგავი წვიმდა ლონდონში
ნაგავი წვიმდა ლონდონში

„კრისტალ პალასის” ფანებმა სტუმრად ჩასული „ლესტერ სიტის” მეკარეს კასპერ შმაიხელს დაჭმუჭნული ქაღალდები დააყარეს. ეს ამბავი „სელჰარსტ პარკზე” მოხდა.

ტრიბუნიდან გადმოყრილმა ნაგავმა დანიელი მეკარე თავიდან გაახალისა. მან მასპინძელ ფანებს გაუღიმა და ქაღალდი უკან გადაუგდო – ასე ვთქვათ ხუმრობაში აჰყვა – მაგრამ „პალასის” ქომაგები არ დაცხრნენ. ტრიბუნიდან მეტი და მეტი ნაგავი წამოვიდა, რამაც დიდი პიტერ შმაიხელის 32 წლის ვაჟი გააღიზიანა. მან ქაღალდების შეგროვება და სამოქმედო ფართობის გათავისუფლება დაიწყო. ბოლოს, საქმეში მსაჯი პოლ ტიერნიც ჩაერია, რომელმაც „მელიების” მეკარე ტრიბუნას გაარიდა.

„კრისტალ პალასმა” 0:2 წააგო. დამარცხებულთა მავანმა გაწბილებულმა გულშემატკივარმა კი „ტვიტერზე” დაწერა: „მე არ მეცინება, როდესაც ფეხბურთის თამაშის დროს ყველაზე დიდი გასართობი მეკარისთვის ტრიბუნიდან ქაღალდების სროლაა”.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.