წელიწადნახევრის წინ „საუტჰემპტონში“ თამაშობდა და პრემიერლიგის რიგით მცველად მიიჩნეოდა, დღეს კი თავის პოზიციაზე ყველაზე ძვირადღირებული, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, სუპერთასის მომგები და უკვე… ევროპის საუკეთესო ფეხბურთელია.
ვირჯილ ვან დაიკი, 27 წლის ჰოლანდიელი მცველი ევროპამ აღიარა. კონკურენტები კი ძველი ნაცნობები იყვნენ, უეფას პრიზის ძველი მფლობელები… პარტერში მსხდომი სამეულიდან სცენაზე სორედ სურინამელ-ჰოლანდიელს უხმეს, ხოლო ლეო მესი და კრიშტიანუ რონალდუ სკამზე დარჩნენ.
ვან დაიკს ცხადია, 2019-20 წლების სეზონის საუკეთესო მცველის ჯილდოც ერგო.
რაც შეეხება სხვა ნომინაციებს, მისი თანაგუნდელი ალისონ ბეკერი საუკეთესო მეკარედ დაასახელეს, „ბარსელონას“ ფეხბურთელებმა ფრენკი დე იონგმა და ლეო მესიმ კი შესაბამისად საუკეთესო ნახევარმცველისა და თავდამსხმელის პრიზებით დაიმშვენეს ხელი.
იშვიათი შემთხვევაა, თუმცა „ოქროს ბურთის” ხუთჯერ მომგებ პორტუგალიელს შინ არაფერი წაუღია, მაგრამ დღის ყველაზე პოპულარული კაცი კი ნამდვილად იყო.
კრიშტიანუმ ემოციური გამოსვლით ინტერნეტი კიდევ ერთხელ დაიპყრო. რონალდუმ მესისთან მეტოქეობა მის ერთერთ მთავარ მოტივაციად შეაფასა და ისიც თქვა, მე და ლეომ უნიკალური ეპოქა შევქმნეით და მასთან ერთად სიამოვნებით ვისადილებდიო. მართლაც, როგორც რონალდუ ამბობს, სცენის ცენტრში 15 წელიწადი ორი ვარსკვლევი სტაბილურად იდგეს, ცოტა იშვიათია. ერთი კია, ლეგენდარულ მსახიობებს ასაკი შემოჰპარვიათ და ნელ-ნელა კულისებისკენ იცქირებიან…
სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენასთან ერთად, მონაკომ ჩემპიონთა ლიგის მომავალი გათამაშების წილისყრასაც უმასპინძლა. ჯორჯო მარკეტისთან ერთად ოთხ კალათაში 32 გუნდი უესლი სნეიდერმა და პეტერ ჩეხმა გაანაწილეს… ისე მოხდა, რომ ჰოლანდიელმა შემტევმა ყოფილი გუნდის „ინტერის“, ჩეხმა მეკარემ კი მშობლიური ქვეყნის წარმომადგენელი პრაღის „სლავიას“ ბურთულა ამოიღეს, თუმცა მათ საჩუქრები ნამდვილად ვერ გამოუვიდათ. „ინტერიც“ და „სლავიაც“ სიკვდილის ჯგუფში მოხვდნენ, სადაც მეტოქედ „ბარსელონა“ და „დორტმუნდი“ ეყოლებათ. საბოლოოდ 8 ოთხგუნდიანი ჯგუფი მივიღეთ, რომლებშიც წინა სეზონებიდან ბევრი ნაცნობი დაპირისპირების გახსენება მოგვიწევს. „სიტი“, მიჯრით მესამე სეზონში „შახტარს“ დაუპირისპირდება, „ნაპოლის“ შარშანდელი მძიმე მარცხისთვის „ლივერპულთან“ რევანშის აღება შეეძლება, დიეგო სიმეონეს და კრიშტიანუ რონალდუს „კვერცხების ომი“ ამ სეზონშიც გაგრძელდება, მაურო იკარდი კი „ბარსელონას“ კარის აღებას კიდევ ერთხელ შეეცდება.
მოკლედ, სანახაობა არ მოგვაკლდება, დიდი ევროპული ფეხბურთი 17 სექტემბრიდან გახურდება, მანამდე კი თვალი თითოეულ ჯგუფს გადავავლოთ.