ვაკეში ვერგავსებულ „მიხეილ მესხზე“ ნამდვილი სარაგბო თრილერი გათამაშდა. ამხანაგური და საწვრთნელი სტატუსის მიუხედავად, საქართველოს ნაკრებმა და სამხრეთაფრიკულმა „საუზერნ კინგსმა“ ერთმანეთს უშეღავათო ბრძოლა დაუპირისპირეს და ეს ეხება სათამაშო დროის 80-ვე წუთს.

გუნდებს განსხვავებული მიზნები აქვთ: ბორჯღალოსნები მსოფლიო თასისთვის ემზადებიან, ხოლო „სამხრეთელი მეფეები“ – პრო 14-ის ახალი სეზონისთვის. მაგრამ თამაშის მსვლელობას თუ გავიხსენებთ, მართლაც მოულოდნელი იყო ორივე მხარის თავგამოდება და ის დანაკარგი, რომელიც საქართვეელოს ნაკრებმა განიცადა. რამდენიმე მოთამაშემ ტრავმა მიიღო და თამაში ვერ გააგრძელა…

მილტონ ჰეიგის რაზმი 0:10 მარცხდებოდა, როცა მოგებულ დერეფანს ჩვენი ნაკრების სწრაფი იერიში მოჰყვა, ლაშა ხმალაძემ ბურთი ლელოსკენ გადაკიდა და მისი დამიწება გიორგი აფციაურმა მოასწრო. 5:10, მაგრამ პირველ ტაიმში ბორჯღალოსნებმა კიდევ ერთი გარდასახული ლელო გაუშვეს და 5:17 ჩამორჩნენ.

მეორე ტაიმის დასაწყისში აფრიკელებმა ჯარიმა გაიტანეს და 15-ქულიანი ჰანდიკაპი შეიქმნეს. მწვრთნელებმა შემადგენლობა გადაახალისეს და სწორედ თამაშში მარქაფიდან ჩართულებმა შეძლეს ვითარების შემობრუნება.

დროის 9-წუთიან მონაკვეთში საქართველოს ნაკრებმა 3 უპასუხო ლელო გაიტანა. ერთი, 68-ე წუთზე ტრავმირებული ლევან ჩილაჩავას ნაცვლად დაბრუნებულმა გიორგი მელიქიძემ მიითვალა, მერე მსაჯმა საჯარიმო ლელო ჩაგვითვალა, როცა სტუმრებმა მოლი ჩაგვიქციეს, ხოლო სამი წუთით ადრე შალვა სუთიაშვილმა ბურთი ბრწყინვალედ მოთამაშე მირიან მოდებაძისგან მიიღო და ლელოში დაამიწა. ლაშა მალაღურაძემ გარდასახა და ბორჯღალოსნები 24:20 დააწინაურა. დარჩენილი წუთები სამხრეთაფრიკელებმა შეტევაში გაატარეს, მაგრამ ქართველებმა თავი საიმედოდ დაიცვეს და გამარჯვებასაც მიაღწიეს.

შემდეგი მატჩი 31-ში „დინამო არენაზეა“. შოტლანდია ჩამოდის და იმედია, ტრავმირებულები მოშუშებას მოასწრებენ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

გოგიჩაშვილი, კარკაძე, მელიქიძე, ლომიძე, ნემსაძე, საღინაძე, ცუცქირიძე, გიორგაძე, ბეგაძე, ხმალაძე, აფციაური, შარიქაძე, ძნელაძე, მოდებაძე, მათიაშვილი.

შეცვლაზე შევიდნენ

ჭყოიძე, ასიეშვილი, ჩილაჩავა, მიქაუტაძე, თხილაიშვილი, სუთიაშვილი, აფრასიძე, მალაღურაძე, თოდუა, მჭედლიძე, კაჭარავა.