ბოსნიელი სეად კოლაშინაცი მანქანიდან გადმოხტა და შიშველი ხელებით შეებრძოლა დანით შეიარაღებულ ხულიგნებს, რომლებიც მესუთ იოზილის გაძარცვას აპირებდნენ. ეს ამბავი ლონდონის ჩრდილოეთ ნაწილში მოხდა. საინტერესოა, რომ ინციდენტი ქუჩის კამერამ ჩაიწერა.
მას მერე, რაც ერთი დანიანი კაცი გააუვნებლა, კოლაშინაცმა მეორე ჩაფხუტიან კაცსაც მიჰხედა როგორც საჭირო იყო, რის მერც ფეხბურთელები ცოტა ხანს იქვე, თურქულ რესტორანში გაჩერდნენ (როგორც ჩანს პოლიციას ჩვენება მისცეს) და მერე თავიანთ გზაზე წავიდნენ.
გაზეთი „მირორი” „არსენალის” პრეს-ცენტრს დაუკავშირდა, საიდანაც მშრალად მიუგეს: „ჩვენ ორივე ფეხბურთელს დავუკავშირდით. ისინი კარგად არიან”.
ამბავი სავარაუდოდ, ასეთი იყო: იოზილს, რომელიც თავის G კლასის „მერსედესში” იჯდა (მოგეხსენებათ, G პირველი ასოა სიტყვისა „გელენდვაგენი”, რაც გერმანულად უგზოობაში სავალ მანქანას ნიშნავს) თავს ორი მოპედზე შემომჯდარი კაცი დაესხა. იოზილთან ერთად კოლაშინაციც იყო. სანამ ბოსნიელი მანქანიდან გადმოდიოდა, გერმანელი ზემოთ ხსენებულ თურქულ რესტორან „ლიკიაში” შევარდა.
პოლიციის ანგარიშში წერია, რომ როდესაც პატრული გამოძახებაზე მივიდა, მოქალაქეებს, რომელთაც სავარაუდოდ ძარცვავდნენ, ხიფათი აღარ ემუქრებოდათ, რადგან მათ თავად მოუგვარებიათ პრობლემა. ჩვენებები თურქულ რესტორანში ჩაიწერეს. არავინ დაუპატიმრებიათ.
გამვლელის მონაყოლიდან: „სრულიად გიჟური სცენის შემსწრე გავხდი. იოზილის მანქანა შუა ქუჩაში იდგა და ყველა კარი ღია ჰქონდა. თავად ფეხბურთელი ძალიან შეშინებული ჩანდა, რაც ბუნებრივია. ორი დანიანი კაცის ყველას შეეშინდებოდა. ეტყობოდა, რომ სიცოცხლის გადარჩენაზე ფიქრობდა. მე დავინახე, როგორ შევარდა ის რესტორანში, ორი კაცი კი გამოკიდებას ცდილობდა. ამ კაცებს შავები ეცვათ და ჩაფხუტები ეხურათ. ზაფხულისთვის უჩვეულოდ იყვნენ ჩაცმულები. ეტყობა სახეებს მალავდნენ”.
ცნობილი ინგლისელი ტელეწამყვანი და იმავდროულად „არსენალის” ფანი პერის მორგანი კი კოლაშინაცს აქებს: „სეად კოლაშინაცმა დიდი ვაჟკაცობა გამოავლინა. მან მარტომ გაყარა მძარცველთა მთელი ბანდა”.