კრიშტიანუ რონალდუ კი არა, ლეო მესის მთავარი მოქიშპე „ლივერპულის” ბრაზილიელი მეკარე ალისონია. ბოლო 18 თვეში ანუ წელიწადნახევარში ალისონმა მესი მესამე შეჯიბრებიდან გამოთიშა.
გავიხსენოთ: 2018 წლის აპრილში ალისონი „რომას” მეკარე იყო, როდესაც იტალიურმა კლუბმა „ბარსელონასთან” სტუმრად 1:4 წააგო, მაგრამ შინ 3:0 შემოატრიალა და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა.
იმ ზაფხულს ბრაზილიელმა კლუბი გამოიცვალა, 67 მილიონ გირვანქად „ლივერპულში” გადავიდა და ინებეთ — მართალია, ნახევარფინალის პირველ შეხვედრაში, „კამპ ნოუზე”, „ბარსამ” 3:0 მოიგო, მაგრამ საპასუხო შეხვედრაში თავს „ენფილდი” დაატყდა, 0:4 დამარცხდა და… გამარჯვებული ისევ ალისონი დარჩა. შემდეგ, „ლივერპულმა” თასი მოიგო.
და აი, გუშინ, 3 ივლისს, ბრაზილიის ქალაქ ბელო ორიზონტეში ლეო მესი და ალისონ ბეკერი კვლავ ერთად აღმოჩნდნენ მოედანზე. როგორც ყველა წინა შეხვედრა, ეს მატჩიც მნიშვნელოვანი იყო — „კოპა ამერიკას” ნახევარფინალი. და გამარჯვებული ისევ ის გუნდი გამოდგა, რომელშიც ალისონი გამოდიოდა. ბრაზილიის ნაკრებმა არგენტინისას 2:0 მოუგო. ახლა ბრაზილიელები ფინალში არიან, სადაც პერუს უნდა შეხვდნენ, რომელმაც მეორე ნახევარფინალში ჩილეს 3:0 აჯობა.
ბრაზილიასთან წაგების შემდეგ, მესიმ ჩინოვნიკებს შეუტია, თამაშის მსვლელობისას ორჯერ ვითხოვდით პენალტს, მათ კი ვიდეორეფერისთან ერთხელაც არ გადაამოწმესო, მაგრამ ამით ვერაფერი შეიცვლება — გამარჯვებული ალისონია.
ახლა, ისე არ იფიქროთ, რომ მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო მოთამაშეს ბრაზილიელი მეკარისთვის გოლი არასდროს გაუტანია. „ბარსელონასა” და „ლივერპულის” წლევანდელ შეხვედრაში, რომელიც „ბარსამ” 3:0 მოიგო, მესიმ ორი გოლი შეაგდო, მაგრამ მეტოქის შეჯიბრებიდან გაგდებისა აბა, რა მოგახსენოთ…
საინტერესოა, რომ 26 წლის ალისონს, „ბარსასთან” საპასუხო მატჩიდან მოყოლებული აგერ უკვე მეცხრე შეხვედრაა გოლი არ გაუშვია. მას მერე, ბრაზილიელმა არ გაუშვა პრემიერლიგაში „ვულვზთან” და ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ტოტენჰემთან”. ამის მერე ბრაზილიამ 7:0 მოუგო ამხანაგურ შეხვედრაში ჰონდურასს, რასაც მოჰყვა „კოპა ამერიკას” „მშრალი” მატჩები ბოლივიასთან, ვენესუელასთან, პერუსთან, პარაგვაისთან, და არგენტინასთან.