სადიო მანე ჩემპიონთა თასით

„რეალი” „ლივერპულს” ფეხბურთელების გაცვლას სთავაზობს: მარკო ასენსიო სადიო მანეში. ცნობილია, რომ კლოპს ძალიან მოსწონს ესპანეთის ნაკრების თავდამსხმელი. „რეალი” მას დაახლოებით 95 მილიონ ევროდ აფასებს. სხვათა შორის, ასენსიოს ყიდვით ინგლისური კლუბებიდან „ტოტენჰემ ჰოთსპურია” დაინტერესებული.

თავის მხრივ, მადრიდელებს სენეგალელი თავდამსხმელის შეძენა უნდათ. მანემ, „ლივერპულის” მიერ ჩემპიონთა ლიგის მოგებაში დიდი როლი ითამაშა.

მარკო ასენსიომ გასულ, „რეალისთვის” წარუმატებელ სეზონში, მადრიდელთა გუნდის ძირითად შემადგენლობაში, 44 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ამ მატჩებში მან 6 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი ჩააწოდა.

ამასობაში, საფეხბურთო ფინანსების ექსპერტი კიერან მაგუაირი ამბობს, რომ „ლივერპულს” ამ ზაფხულს, სურვილის შემთხვევაში, შეუძლია სატრანსფერო ბაზარზე გვარიანი თანხა დახარჯოს.

„ლივერპულელები პრემიერლიგაში მეორე ადგილზე გავიდნენ და, სავარაუდოდ, სატელევიზიო რეპორტაჟებიდან ჩემპიონ „მანჩესტერ სიტიზე” მეტი ფული შემოუვიდათ. მიზეზი: მათი თამაშები უფრო ხშირად გადაიცემოდა. დაამატეთ ამას ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებიდან მიღებული შემოსავალი და დარწმუნდებით, რომ მერსისაიდელებმა გვარიანი ფული იშოვნეს. აქედან გამომდინარე, მათ შეუძლიათ ახალი ფეხბურთელები დაიმატონ. თუკი იურგენ კლოპს მიაჩნია, რომ მას ერთ ან ორ პოზიციაზე გაძლიერება არ აწყენდა, „წითლებს” იოლად შეუძლიათ თითოში 50-60 მილიონი გირვანქა გადაიხადონ. ამას დაამატეთ ის, რომ „ლივერპულს” არავის გაყიდვა არ უნდა და არც არავინ გარბის კლოპის გუნდიდან” — თქვა მაგუაირმა.