საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები, თბილისის სპორტის სასახლეში, თავისი გულშემატკივრის წინაშე, IHF-ს ერთა ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. სხვა სიტყვებით, სამი ვეტერანით დაბალანსებულმა ქართველ ხელბურთელთა ახალმა თაობამ მოიგო მსოფლიო მასშტაბის 12 გუნდიანი ტურნირი, რაც ქართველთა შორის თავის დროზე ძალიან პოპულარულ სახეობაში კარგა ხანია არ მომხდარა.

ტურნირის წინ ბიჭებმა დათქვეს, რომ გულშემატკივრის გასახარებლად თავს არ დაზოგავდნენ, ხოლო ის ხალხი, ვინც 8-დან 16 ივნისამდე სპორტის სასახლეში დადიოდა, დაგვეთანხმება, რომ ხელბურთელებმა ყოველ შეხვედრაში გამორჩეული შემართებითა და აღმაფრენით ითამაშეს.

მართალია, IHF-ს ერთა ჩემპიონატი სახელბურთო სამყაროს ყველაზე დიდი შეჯიბრება არ არის, მაგრამ ჯერ ერთი მასშტაბური საერთაშორისო ტურნირია; მერე, კარს მომდგარი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევის წინ სერიოზული პრაქტიკა გახლავთ და მესამეც ამ შეჯიბრების მონაწილე 6 ევროპულ გუნდზე უკეთესი ადგილის დაკავებამ საქართველოს ნაკრები ევრო 2022-ის შესარჩევის შემდგომ ეტაპზე გადაიყვანა.

როგორც მოგახსენეთ ნახევარფინალში ქართველებმა დიდ ბრიტანეთთან ითამაშეს და მოიგეს 28:21.

მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში კუბასა და ბულგარეთს გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი დრო დასჭირდათ. საბოლოოდ, მეტად ემოციურ შეხვედრაში კუბელებმა იძალეს 38:36.

ფინალში კუბამ ქართველებს დიდი წინააღმდეგობა გაუწია. მართალია, მთელი შეხვედრის განმავლობაში კუნძულელები მხოლოდ ერთხელ გავიდნენ წინ (25-ე წუთზე 10:9), მაგრამ შემდეგ საქართველომ უპირატესობა დაიბრუნა, თანდათანობით გაზარდა სხვაობა და საბოლოოდ მოიგო 31:21.

მესამე ადგილი დაიკავა ბულგარეთმა, რომელმაც 47:31 სძლია დიდ ბრიტანეთს.

მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრების სერბმა მწვრთნელმა ნიკოლა მაქსიმოვიჩმა თქვა: „პირველ რიგში უნდა მივულოცო ჩემს მოთამაშეებს და ნაკრების მთელს შტაბს, რომელთაც ამ გამარჯვებისთვის ყველაფერი გაიღეს. ჩვენი წარმატების მთავარი მიზეზი იყო კარგი დაცვა, რაშიც მართლაც საუკეთესოები ვიყავით. კიდევ, ჩვენ გვყავს ბრწყინვალე მეკარე (38 წლის შოთა თევზაძე). გულწრფელად ვიზიარებ ჩვენი ბიჭების სიხარულს”.

ძალიან სასიხარულოა, რომ ჩემპიონატის ყველაზე სასარგებლო მოთამაშედ (MVP) დაასახელეს საქართველოს ნაკრებისა და „მონპელიეს” 18 წლის მარჯვენა ინსაიდი გიორგი ცხოვრებაძე.

შეჯიბრების „ოლ სტარში” მოხვდნენ: მეკარე – მაგნოლ სუარესი (კუბა); მარცხენა გარემარბი – პეიჟე ჰუანგი (ჩინეთი); მარცხენა ინსაიდი – თემურ ორჯონიკიძე (საქართველო); გამთამაშებელი – კრისტიან ვასილიევი (ბულგარეთი); მარჯვენა ინსაიდი – გიორგი ცხოვრებაძე (საქართველო), მარჯვენა გარემარბი – სვეტლინ დიმიტროვი (ბულგარეთი); ხაზის მოთამაშე – ედუარდო სარიასი (კუბა).

ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა ბრიტანელი სებასტიან ედგარი – 66 გოლი.

ერთა ჩემპიონატის ოლ სტარი