„ეტიჰედი” 68 წამის განმავლობაში ვულკანივით აფრქვევდა სიხარულს. ყველას ეგონა, რომ რაჰიმ სტერლინგმა „ტოტენჰემ ჰოთსპურს” გამარჯვების გოლი გაუტანა და „მანჩესტერ სიტი” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა. უკვე მსაჯის დამატებული წუთები მიმდინარეობდა — 2 წუთი და 22 წამი იყო გასული.

„ტოტენჰემის” ხალხი კი განადგურებული ჩანდა. დელე ალი მოედანზე ეგდო, პოჩეტინიო ზეცას შეჰყურებდა, უგო ლორისი სასოწარკვეთილი იდგა… მაგრამ, როგორც გაირკვა დრამა მხოლოდ ახლა იწყებოდა.

გვარდიოლა დაიძაბა და მოედნის კიდესთან დაბრუნდა. დამატებული დროის 3 წუთი და 23 წამი რომ იყო გასული, მსაჯი ვიდეოჩანაწერის შესამოწმებლად გაჩერდა. უნდა გადაეწყვიტა, ჩაეთვალა თუ არა სტერლინგის გოლი?

გაირკვა, რომ როდესაც ლონდონელთა დანიელი ფეხბურთელი კრისტიან ერიკსენი შეცდა და ბურთი უკან გადააწოდა, მას ბერნარდო სილვამ ფეხი აჰკრა და შესაბამისად თამაშგარეში მდგომ სერხიო აგუეროს პასი თანაგუნდელისგან მიუვიდა. აგუერომ კი შემდეგ საგოლე გადაცემა შეასრულა. ანუ კომბინაცია ოფსაიდიდან გათამაშებულა.

ის წამები, სანამ თურქი მსაჯი ჯუნეით ჩაქირი გადაწყვეტილებაზე ფიქრობდა, „ეტიჰედზე” საუკუნედ ეჩვენათ. ბოლოს კი საუკუნეც დამთავრდა — გოლი არ ჩაითვალა!

გუნდებმა სასოწარკვეთა და გიჟური სიხარული გაცვალეს. თამაში განახლდა და ორიოდ ეპიზოდის შემდეგ „სფურზი” ნახევარფინალში გავიდა.

კვლავ ვერ ასრულდა „მანჩესტერ სიტის” უდიდესი ოცნება, მოეგო ჩემპიონთა ლიგა და გამხდარიყო ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი გიგანტი.

„დაუნდობელი რამ მოხდა, — თქვა პეპ გვარდიოლამ თამაშის შემდეგ, — გოლის გაუქმების მომენტი საშინელი იყო. ჩვენ გადავიტანეთ მომენტი, როდესაც თავი ნახევარფინალში გვეგონა და ვზეიმობდით, მაგრამ მერე გოლი გაგვიუქმეს. ეს სისასტიკე იყო, მაგრამ ასეთია რეალობა”.

„მანჩესტერის” სოციალური მედიის ჯგუფმა „ტვიტერზე” ესღა დაწერა: „ჩვენ ყველაფერი გავიღეთ”.

მაურისიო პოჩეტინიო კი ალბათ სამწვრთნელო კარიერის უდიდეს მომენტს ზეიმობდა. არგენტინელმა თქვა:

„დაუჯერებელი რაღაც მოხდა. თამაშის დასრულებას ვგულისხმობ. საოცრად ბედნიერი და ამაყი ვარ. ჩემი ფეხბურთელები ნამდვილი გმირები არიან. ვხარობ მათთან და ფანებთან ერთად.

ჩემს გონებაში ერთ წუთში უამრავი რამ მოხდა. იმედგაცრუებული ვიყავი, მაგრამ მათ გადაწყვეტილება შეცვალეს. აი, რატომ გვიყვარს ფეხბურთი.

დღეს ჩვენ მტკიცე ხასიათი ვაჩვენეთ. წარმოუდგენელი თამაში იყო”.

კრისტიან ერიკსენს კი ეგონა, რომ „ტოტენჰემს” თამაში წააგებინა. და როდესაც მსაჯებმა გადაწყვეტილება შეცვალეს, მან ენითაუწერელი შვება და სიხარული იგრძნო.

ერიკსენი: „დღეს მე დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე იღბლიანი ადამიანი ვარ. მეგონა ყველაფერი დამთავრდა, მაგრამ ეს მხიარული თამაში იყო. ეს იყო ნამდვილი როლერკოსტერი (ამერიკული გორები). ბევრი გავეცით, მაგრამ ბევრიც მივიღეთ. ნამდვილად უცნაური მატჩი გამოვიდა.

ახლა ჩვენ ღრმად უნდა ამოვისუნთქოთ. ნახევარფინალში „აიაქსი” შეგვხვდა. „ამსტერდამ არენაზე” ჩასვლა კვლავ დიდი ხალისი და სიამოვნება იქნება”.

ვიდეორეფერის თემაზე საუბრისას კი შეუძლებელია არ ვახსენოთ ის ფაქტი, რომ „ტოტენჰემის” ბოლო გოლი, რომელმაც, როგორც გაირკვა, ლონდონელებს გამარჯვება მოუტანა, ასევე VAR-ის განსასჯელი გახდა და მსაჯებმა ამ შემთხვევაშიც მათი სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღეს. ლაპარაკია ფერნანდო ლორენტეს გოლზე, რომელიც ესპანელმა თითქოსდა ხელით შეაგდო.

საბოლოოდ შეხვედრა დასრულდა „სიტის” გამარჯვებით 4:3, მაგრამ ვინაიდან ერთი კვირის წინ „სფურზმა” 1:0 მოიგო, ორი თამაშის ჯამში, სტუმრად გატანილი მეტი გოლის წესით, გაიმარჯვეს ლონდონელებმა.

აღსანიშნავია, რომ ამ საოცარ შეხვედრაში პირველი ხუთი გოლი მატჩის დაწყებიდან 20 წუთში გავიდა. კიდევ უფრო შთამბეჭდავი იყო, რომ პირველი ოთხი გოლი გავიდა 11 წუთში.