„ნაპოლის” კოლუმბიელმა მეკარემ დავიდ ოსპინამ „უდინეზესთან” შეხვედრის დროს გონება დაკარგა და სასწრაფოდ საავადმყოფოში წაიყვანეს. 30 წლის გოლკიპერი „არსენალს” ეკუთვნის, იტალიაში კი იჯარით თამაშობს.
მსაჯმა თამაში პირველი ტაიმის დამთავრებამდე ხუთი წუთით ადრე შეაჩერა, როდესაც „ნაპოლის” საჯარიმოსთან შეჯგუფულმა ფეხბურთელებმა ანიშნეს, რომ მეკარე წაიქცა და სამედიცინო დახმარება სჭირდებოდა.
ოსპინას კოლაპსის მიზეზი სავარაუდოდ, ცოტა ხნით ადრე „უდინეზეს” თავდამსხმელ იგნასიო პუსეტოსთან შეჯახება გახლდათ.
მოგვიანებით, გავრცელდა ცნობა, რომ საავადმყოფოში ოსპინას გონება დაუბრუნდა.
ნეაპოლის კლუბმა გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, რომ მართალია ფეხბურთელი გონზე მოვიდა, მაგრამ მას საავადმყოფოში დაიტოვებენ და სრულ გამოკვლევას ჩაუტარებენ.
იტალიურ მას-მედიაში ითქვა, რომ საავადმყოფოში ოსპინას დილამდე გვედით ედგა მისი მოდელი მეუღლე ჯესიკა.
„ნაპოლიმ” „უდინეზეს” 4:2 მოუგო.
ზემოთ მოგახსენეთ, რომ დავიდ ოსპინა „არსენალის” საკუთრებაა. მას ლონდონელებთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე აქვს, მაგრამ მისი მომავალი ბუნდოვანია.
ამბობენ, რომ „არსენალი” ზაფხულში ახალი გოლკიპერის შეძენას აპირებს.
კოლუმბიელმა „ნაპოლიში” სერია A-ს 13 შეხვედრა ჩაატარა და ჩემპიონთა ლიგის ექვსივე თამაშში მიიღო მონაწილეობა.
საინტერესოა, რომ იტალიური კლუბი ევროლიგის მეოთხედფინალში „არსენალს” შეხვდა და 11 აპრილს ლონდონში უწევს თამაში.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 18:09ერთი დღის ორი ოქრო
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 15:15საქართველო ესპანელს ჩაბარდა
კატეგორიის გარეშე09/04/2026 | 17:23საქართველო მსოფლიო თასის ფლეი ოფშია
დავთარი25/03/2026 | 21:25ახალი კაპიტანი
