შემზარავი რამ მოხდა არგენტინის ქალაქ პოსადასში, რომელიც მისიონესის პროვინციაში მდებარეობს. გასულ კვირას, 9 დეკემბერს, მადრიდში ჩატარებული „კოპა ლიბერტადორესის” მეორე ფინალური შეხვედრის დამთავრებიდან ფაქტობრივად წუთების შემდეგ, „ბოკა ხუნიორსის” ორმა ფანმა „რივერ პლეიტის” გულშემატკივარი მოკლა. მათ 21 წლის ესეკიელ აარონ ნერისს დანაც დაარტყეს და წიხლებითაც შედგნენ. აღსანიშნავია, რომ ნერისი ორიოდ თვის წინ მოტოცილკით ავარიაში მოხვედრილა და ნაოპერაციევი იყო — ფეხში ლურსმნები ჰქონდა ჩაყენებული. შესაბამისად, მას გადაადგილებაც უჭირდა ანუ ორი ადამიანისთვის მასთან გამკლავება სირთულეს არ წარმოადგენდა.
ესეკიელ აარონ ნერისმა გარდაცვალებამდე დედასთან ლაპარაკი მოახერხა და უთხრა, რომ მასზე თავდასხმის მიზეზი „ბოკა ხუნიორსთან” „რივერ პლეიტის” გამარჯვება (3:1) გახლდათ. თავდამსხმელებს პრეტენზია წამოუყენებიათ, რატომ გიხარიაო.
არგენტინის პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა ორი ახალგაზრდა, „ბოკა ხუნიორსის” ფანები, 18 და 26 წლის. მათ უპოვნეს მკვლელობის იარაღი და მსხვერპლის სისხლით დათხვრილი ტანსაცმელი.
დაჭრილი და ნაცემი ესეკიელ აარონ ნერისი სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, მაგრამ ის 12 საათში გარდაიცვალა — ამ ხნის განმავლობაში მას გულის ხუთი შეტევა მოუვიდა. პოლიციის განცხადებით, მსხვერპლს „რივერ პლეიტის” მაისსური ეცვა, რამაც დამნაშავეები გაახელა.