ვინც გასულ უქმეებზე სერია A-ს მე-13 ტურის შეხვედრებს უყურა ყურადღებას მიაქცევდა, რომ ბევრ ფეხბურთელს და ასე განსაჯეთ მსაჯებსაც კი ლოყა „სისხლით” ჰქონდათ მოთხუპნლი. ეს გახლდათ აქცია, რომლითაც იტალიაში მოთამაშე ფეხბურთელებმა ძალადობის მსხვერპლ ქალებს თანადგომა გამოუცხადეს. ცხადია, ქალთა მხარდაჭერის დღე ფეხბურთელებს არ მოუგონიათ, ის გაეროში მოიფიქრეს, აპენინებზე კი სოლიდარობა გამოუცხადეს.
ლოყა წითლად ჰქონდა შეღებილი „იუვენტუსის” მეგავარსკვლავ კრიშტიანუ რონალდუსაც, თუმცა აქციაში მისმა მონაწილეობამ მითქმა-მოთქმა გამოიწვია, რადგან პორტუგალიელს თავად სდებენ ბრალს გაუპატიურებაში.
მოგეხსენებათ, მავანმა ამერიკელმა ქალმა კატრინ მაიორგამ მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელს უჩივლა, 2009 წლის ივნისში გამაუპატიურაო. რონალდო ბრალდებას უარყოფს.
„ადრე თუ გვიან სინამდვილე გაირკვევა. ხალხი, რომელიც მაკრიტიკებს და ჩემი ცხოვრების ცირკად ქცევას ლამობს, ნახავს, რომ ცდებოდა” — თქვა ოქტომბერში „ფრანს ფუტბოლისთვის” მიცემულ ინტერვიუში რონალდუმ.
საინტერესოა, რომ იტალიაში გულშემატკივართა ნაწილმა, რომელმაც არაფერი იცოდა გაეროს დღის შესახებ, პორტუგალიელის ლოყაზე მიხატული სისხლი პროვოკაციად და მსაჯზე ზემოქმედების მცდელობად ჩათვალა.
რატომ გამოეხმაურნენ ქციას მაინცდამაინც იტალიაში? იმიტომ, რომ ქალებზე ძალადობის მხრივ ამ ქვეყანაში პრობლემებია: თითქმის კვირა არ გავა, რომ ეჭვიანობის ნიადაგზე ქალი არ მოკლან. მარტო 2017 წელს ქმრებმა თუ ბოიფრენდებმა 117 იტალიელი ქალი მოკლეს.