სერ ალექს ფერგიუსონის ღრიალი გასახდელში საფეხბურთო სამყაროსთვის ისევეა ცნობილი, როგორც თავად სერ ალექს ფერგიუსონი, წერს „მირორი” და მაიკლ ქერიკის ავტობიოგრაფიული წიგნიდან ფრაგმენტი მოჰყავს. წიგნი, რომელსაც ჰქვია „ხაზებს შორის” ნაწილ-ნაწილ იბეჭდება „ტაიმზში”.
ამბავი, რომელსაც მაიკლ ქერიკი იგონებს იაპონიაში, კერძოდ იოკოჰამაში მოხდა. გეხსომებათ, 2008 წელს „მანჩესტერ იუნაიტედმა” მოსკოვში, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, „ჩელსი” დაამარცხა პენალტებით და იმავე წლის მიწურულს კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატშიც მიიღო მონაწილეობა. ფინალში მანჩესტერელებს ეკვადორის გუნდი LDU კიტო ანუ კიტოს „ლიგა დეპორტივა უნივერსიტარია” შეხვდათ. იმ შეხვედრაში ინგლისურ გუნდს მოედნიდან ნემანია ვიდიჩი გაუძევეს, თუმცა უეინ რუნის ერთადერთი გოლის წყალობით გამარჯვება და თასი მაინც მას დარჩა.
ქერიკი იგონებს, რომ იქ, იოკოჰამაში სერ ალექსმა მას იმიტომ უღრიალა, რომ პასების წინ გადაწოდებას ითხოვდა. ფეხბურთელის ვერსიით კი საქმე სინამდვილეში სულ სხვანაირად იყო. პირველ ტაიმში ერთის გარდა ყველა პასი წინ გადავაწოდე და ის ერთიც რიო ფერდინანდს უკან იმიტომ დავუგორე, რომ უკეთესი ვარიანტი არ მქონდაო. ფერგის კი მაინცდამაინც ამ ეპიზოდში მოშლია ნერვები, რაც ქერიკს მოედანზევე უგრძვნია. თუმცა, მოედნის კიდესთან ნერვების მოშლას ვინ ჩივის. შესვენებისას, გასახდელში მწვრთნელს ბოლო ხმაზე დაუწყია ღრიალი. ქერიკი წერს:
„შევდგი თუ არა გასახდელში ფეხი ბოსი თავს დამესხა. ის მიყვიროდა: „გადააწოდე ეს დედა…. ბურთი წინ, ხომ გითხარი ეს დედა….”. საერთოდ, როდესაც ის ასე იქცეოდა, უნდა დამჯდარიყავი და გაჩუმებულიყავი, ორთქლის გამოშვება გეცლია. მეც ვიჯექი გარეგნულად სრულიად მშვიდად, შინაგანად კი ერთიანად ვდუღდი. დაახლოებით 40 პასი წინ გადავაწოდე და მაინცდამაინც იმ ერთი უკან დაგორებული პასის გამო მიყვიროდა. მაგრამ ისეთი აღელვებული იყო, რომ საკუთარი თავის დასაცავად ხმა არ ამომიღია”.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე18/04/2026 | 20:40ლუკა ჩემპიონი
კატეგორიის გარეშე18/04/2026 | 14:59ბითაძე ფლეი ოფში
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 14:33თბილისში, ბაჰრეინთან…
კატეგორიის გარეშე11/04/2026 | 11:19შედეგიანი მამუ და ბითაძის ორმაგი
