დინამო მუზეუმში

დინამო მუზეუმში

ერთიხანობა ვამბობდი, სანამ დროა თბილისის დინამო როგორც მოქმედი კლუბი გავაუქმოთ, ეროვნულ საგანძურად გამოვაცხადოთ და არსებობა მუზეუმში გააგრძელოს-მეთქი. წარმოიდგინეთ თანამედროვე მუზეუმი – თუნდაც დიღმის ბაზაზე – სადაც დაცული იქნებოდა ყველაფერი, რაც საბჭოთა პერიოდის ქართული ფეხბურთის დიდებასთან იყო დაკავშირებული. იქ იქნებოდა დარბაზი ვეებერთელა მონიტორით. იქ იქნებოდა შენახული დიდი ვარსკვლავების ინტერვიუები, ძველი თამაშების კადრები და თუ კიდევ არსებობს მთელი მატჩების ჩანაწერებიც. იქნებოდა ბიბლიოთეკა, თუნდაც ციფრული. მოეწყობოდა შეხვედრები ვეტერან ფეხბურთელებთან და გაიმართებოდა უამრავი ღონისძიება, რომლებიც მე თავში აზრად არ მომდის, ამ მიმართულებით მოფიქრალ ნიჭიერ კაცს კი უეჭველად მოუვიდოდა. ფაქტობრივად ვამბობდი, რომ დინამომ შექმნა დიდი ეპოქა, რომელიც დასრულდა და კლუბი, როგორც იმ ეპოქის სიმბოლო ისტორიაში პატივითა და ღირსებით უნდა გადაბრძანდეს-მეთქი.

დღეს ამას აზრი აღარ აქვს, იმიტომ, რომ დინამო აოხრებულია. საშინელებებს სჩადის. წარსულს შეურაცხყოფას აყენებს და ისტორიაში ჟალგირისთან 2:7-ის წამგებად არის შესული. ძნელი დასაჯერებელია, რომ ეს ის კლუბია – პაიჭაძის, მესხის და ყიფიანის. უფრო სწორედ მე ამას იმ კლუბად არ აღვიქვამ და ალბათ ჩემ გარდა კიდევ ბევრია ასე. და კიდევ, მინდა თემურ ქეცბაიამ ერთი წუთით არ იფიქროს, რომ მას რამეს ვაბრალებ. მე გუშინ თამაშს მეგობართან ვუყურებდი და 2:5 რომ გახდა, წამოვედი. შუქნიშანთან flashscore-ში ჩავიხედე და იქ უკვე 2:7 ეწერა. ანუ, მე ჯოჯოხეთს გამოვექეცი, ქეცბაია კი მოედნის კიდესთან იდგა და წარმომიდგენია მის გულში რა ხდებოდა. არა, მე ეს კაცი არც ლუის ენრიკე მგონია და არც გვარდიოლა, მაგრამ დინამოს გაპარტახება მისი ბრალი ნამდვილად არ არის. მან უბრალოდ სერიოზული შეცდომა დაუშვა: ვერ მიხვდა სამუშაოდ ფაქტობრივად იმქვეყნად რომ მიდიოდა და მკვდრის გაცოცხლებას კისრულობდა. მე ეს გამორიცხული მგონია.

ნეტავ შეიძლებოდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ნამდვილი თბილისის დინამოს შენარჩუნება? არ ვიცი. დინამო იყო გუნდი, რომელმაც საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებში პირველი (1936 წლის 7 სექტემბერს) და ბოლო (1989 წლის 27 ოქტომბერს) შეხვედრა კიევის დინამოსთან 2:2 ითამაშა. ალბათ, ისტორია აქ რომ დამთავრებულიყო  ლამაზი და სიმბოლური იქნებოდა, დღეს კი უკვე გვიანაა.

რა უნდა ჰქნას ახლა ქეცბაიამ? ვიცი, რომ გულიანი კაცია და პირადად ჩემგან თანაგრძნობა მიიღოს. დანარჩენი ამ ეტაპზე არაფერი ვიცი და არც მაინტერესებს. ცოტა ხანი დინამოს თუ არავინ მიხსენებს კარგი იქნება. გმადლობთ!

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.