მუსიალას გათიშვები საშიში არ არის

მუსიალას გათიშვები საშიში არ არის

ბოლოხანს „ბაიერნის“ გულშემატკივარს ჯამალ მუსიალას ჯანმრთელობა აღელვებს. ყველამ იცის, რომ შაბათს „ლაიფციგთან“ ამხანაგურ შეხვედრაში მან გონება დაკარგა რაც ძალიან შემაშფოთებელი იყო, მაგრამ კიდევ უფრო ცუდი ის არის, რომ სამშაბათს, „ჰაიდენჰაიმთან“ იგივე განმეორდა.

გერმანიის ნაკრების მოთამაშეს (46 მატჩი, 10 გოლი) „ლაიფციგთან“ ხელი თანაგუნდელმა ისმაელ საიბარიმ შეაშველა, მოედანზე დაწოლაში დაეხმარა. სამ დღეში თანაგუნდელები კვლავ მის გარშემო შემოიკრიბნენ და კამერებს 23 წლის გამთამაშებლის გადაღების საშუალება არ მისცეს. იმ მომენტისთვის მუსიალა მოედანზე ათი წუთის შესულიც არ იყო.

მოგვიანებით, გერმანელმა ვარსკვლავმა გრძელი წერილი გაავრცელა, რომელშიც თავისი მდგომარეობა განმარტა. „მოდი, დავიწყოთ ყველაზე მნიშვნელოვანი ამბით: მე კარგად ვარ, – წერს მუსიალა და დასძენს, – მესმის, რომ ბევრი თქვენგანი შეშფოთებულია, მაგრამ მინდა დაგამშვიდოთ და აგიხსნათ, რომ მე დამიდგინეს დროებითი გათიშვები, რომელთაც ნევროლოგიური დისფუნქცია ეწოდება, მაგრამ მკურნალობას იოლად ექვემდებარება. ბოლოდროინდელი ინციდენტების სწორედ ამ დაავადებით აიხსნება“.

ფეხბურთელს ესმის, რომ მისი გათიშვები შემაძრწუნებელი სანახავი იყო და შიში გამოიწვია, მაგრამ ამიერიდან დაავადებასთან ბრძოლა მისი ყოველდღიური ზრუნვის ნაწილი იქნება. მთავარი კი ის არის, რომ რაც მოხდა ჯანმრთელობისთვის დამატებით ხიფათს არ წარმოადგენს.

„ექსპერტებთან კონსულტაციების შედეგად გადავწყვიტე ცხოვრების გამოწვევა მიმეღო და ნევროლოგებთან შეთანხმებით გამეგრძელებინა საქმე, რომელიც ჩემს გამოჯანმრთელებას ყველაზე მეტად წაადგება ― ფეხბურთის თამაში. ფეხბურთი ჩემი ყოველდღიური ცხოვრება და გატაცებაა. ამაზე პასუხისმგებლობას თავად ვიღებ. ზოგადად კი თავს ძალიან ჯანმრთელად ვგრძნობ“, – წერს მუსიალა.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.