მოურინიუ: რეალი ის კლუბია, რომელსაც არ სჭირდება ფეხბურთელი, გადმოსვლა ორჯერ რომ უნდა შესთავაზო

მოურინიუ: რეალი ის კლუბია, რომელსაც არ სჭირდება ფეხბურთელი, გადმოსვლა ორჯერ რომ უნდა შესთავაზო

„რეალის“ ახალმა-ძველმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიუმ El Chiringuito -ს ინტერვიუ მისცა, სადაც კლუბის მიმდინარე საკითხებზე ილაპარაკა. გთავაზობთ ამ ინტერვიუდან ამონარიდების ქართულ თარგმანს.

როგორ შეიცვალეთ იმ 13 წელიწადში, რაც მადრიდიდან წახვედით?

მრავალნაირად. როგორც პიროვნება, როგორც მწვრთნელი… ძალიან შევიცვალე.

რანაირია ჟოზე მოურინიუ ახლა?

მე ჩემი დნმ მაქვს. ვერ ვითამაშებ იმ ადამიანის როლს, რომელიც სინამდვილეში არ ვარ, თუმცა, გაცილებით დავღვინდი, ნაკლებად ემოციური გავხდი. თავს მეტად ვაკონტროლებ. როგორც ყოველთვის, საკუთარ შეცდომებზე ვსწავლობ. აი, სინანულით კი არაფერს ვნანობ. სინანული არაფერს შველის. გამოცდილების დაგროვება და დასკვნების გამოტანა – კი ბატონო. ჩემი აზრით მწვრთნელებს რაც მეტი გამოცდილება და დეჟავიუ გვაქვს, მით უფრო ძლიერები ვართ.

უფრო მოსაწყენი გახდით?

არა, ვერ ვიტყოდი, რომ მოსაწყენი გავხდი. ვფიქრობ, საბოლოოდ მაინც დნმ იმარჯვებს. რაც ხარ, ის ხარ. მოსაწყენი? არა, მოსაწყენი არ გავმხდარვარ.

სახეზე დალილავებული ადგილი გრიმით დაგიმალავთ. ამბობდნენ, რომ ვალვერდეს და ჩუამენის გაშველების დროს მოგხვდათ.

ლაკოსტას ბრალია. ბავშვია კასტილიიდან. სათვალე მეკეთა, მან კი ბურთი მომარტყა, მაგრამ არ იფიქროთ, რომ ბოლო შეხვედრის განაცხადში ამის გამო არ შევიყვანე.

ჩუამენისა და ვალვერდეს ჩხუბი უაზრო ხუმრობამ გამოიწვია. როგორი გასახდელი დაგხვდათ „რეალში“?

დამხვდნენ ბიჭები, რომელთაც გამარჯვება სწყურიათ. ისინი საღი აზრის მისაღებად მზად არიან. მე გუნდისგან პირველი დღიდან საღ აზრს ვითხოვ. ჯერ ერთი შემთხვევაც არ ყოფილა აგრესიული ლიდერობის გამოვლენა რომ დამჭირვებოდა, არადა მე ეს მეხერხება. ჩემი ბუნების ეს მხარე ჯერჯერობით დაფარულია, დაცული ვარ. არადა, აგრესიული ლიდერობაც ჩემი ბუნების ნაწილია.

დაცული ვარო. ფეხბურთელები გიცავენ?

დიახ, მათი ქცევა სანიმუშოა. მათგან საღ აზრს ვითხოვ, რაც თავიდანვე გამოვუცხადე. მინდა, რომ ბაზაზე ვარჯიშამდე ხუთი წუთით ადრე კი არა, ერთი საათით ადრე მოდიოდნენ. დღევანდელი ფეხბურთი ასეთ დამოკიდებულებას ითხოვს. ვარჯიშზე ადრე უნდა მიხვიდე, იკვებო იმით, რასაც ნუტრიციონისტი გეტყვის, ტრავმების პრევენციისთვის ყოველდღე იარო დარბაზში… აი, ეს არის საღი აზრი.

სათქმელად იოლია, მაგრამ ამის გულით მიღება და შესრულება ძნელი იყოს. ალბათ, მაინც სხვაა, როდესაც მოურინიუ მოგიწოდებს.

სეზონის მსვლელობისას თავს ვერ დავიცავთ, აუცილებლად მოხდება გაუთვალისწინებელი რამ და ეს ნორმალურია, მაგრამ ჯერჯერობით ასეთი არაფერი ყოფილა.

ალბათ, იმიტომ, რომ როდესაც გასახდელში მოურინიუ შედის, ყველა იძაბება და მაქსიმალურ ყურადღებას იკრებს.

არ ვიცი მიზეზი ეს არის თუ მაგალითად „რეალის“ წინაშე პასუხისმგებლობა, რაც ჩემთვის ფუნდამენტალურად მნიშვნელოვანია. მე „რეალში“ მუშაობა კი არა, „რეალისთვის“ მუშაობა მიყვარს და ეს ვალდებებასის ბაზაზე შესვლის პირველივე დღეს გამოვაცხადე. ამით ბედნიერი ვარ.

ღამითაც ვალდებებასის ბაზაზე რჩებით?

დიახ, დიახ. პირველად რომ ჩამოვედი პატარა შვილები მყავდა და მთელი ოჯახი, მეუღლის ჩათვლით მადრიდში ვცხოვრობდით. ახლა ჩემი შვილები 29 და 26 წლისები არიან. ისინი ლონდონში ცხოვრობენ, ჩემი მეუღლე კი მათთან ატარებს დიდ დროს. როდესაც ისინი მადრიდში ჩამოდიან, მათთან ვარ, მაგრამ როდესაც ისინი აქ არ არიან, ვალდებებასში  ვრჩები. აქ მუშაობას 6-7 საათზე ვამთავრებ და დარჩენა ძალიან მოხერხებულია.

მბაპემ „რეალის“ არსი გაიგო?

მბაპე წარმოუდგენელი ადამიანია. ვარჯიშებზე ძალიან მახალისებს.

რატომ?

იმიტომ, რომ ის ძალიან ძლიერია, სხვა საფეხურზეა. მის გასულ სეზონზე ლაპარაკი ჩემი საქმე არ არის. უცნაური სეზონი იყო, ყველასთვის რთული. ბოლოს, როგორც ყოველთვის ყველაფერი მწვრთნელებს დაბრალდათ. პასუხისმგებლობა ჩაბიმ და არბელოამ იტვირთეს. მე კი ვამბობ, რომ გამარჯვებაც და დამარცხებაც მრავალფუნქციურია. ესეც ვუთხარი ფეხბურთელებს პირველ დღეს. ერთ ადამიანზე არც ჯოხის გადატეხვა მიყვარს და არც ვინმეს ცაში აყვანა. ეს ჩემი სტილი არ არის. შარშან ბევრი შეცდა. ჩავარდნა მარტო მწვრთნელების ბრალი კი არ იყო. როდესაც თქვენ მბაპეზე მელაპარაკებით, მიჯობს ვიფიქრო იმაზე, თუ რას აკეთებს კილიანი დღეს. როდესაც ფეხბურთელს არდადეგები 14-მდე აქვს, ის კი ბაზაზე 12-ში მოდის, ბევრი რამ ნათქვამია.

„ბერნაბეუზე“ მბაპეს და ბელინგემს უსტვინეს…

ჩვენ ყველამ მეტი უნდა შევძლოთ როგორც გუნდმა, მაგრამ სტატისტიკაც ხომ მნიშვნელოვანია. ხომ გახსოვთ რა ჩინებულად ითამაშეს მათ მსოფლიოს ჩემპიონატზე? ბელინგემს საოცარი მუნდიალი ჰქონდა, მბაპემ კი უბრალოდ ისტორია შექმნა.

„რეალს“ ფეხბურთელების დამატება ხომ არ სჭირდება?

არა. არა. სატრანსფერო ფანჯარა ჯერ არ დაკეტილა და ამიტომ კატეგორიულად ვერ ვიტყვი, რომ არავის ვიყიდით, მაგრამ პირადად მე აღარავინ მჭირდება.

როდრი „რეალში“ კი არა, „ბარსელონაში“ გადავიდა. გული ხომ არ დაგწყდათ?

არა. ჩვენ გვაქვს ვარიანტები და კლასი, გვყავს ფეხბურთელები, რომელთაც წარსულში ბევრისთვის მიუღწევიათ, მაგრამ მთავარი ის არის, რომ კიდევ შეუძლიათ განვითარება. დღევანდელი კარგი ფეხბურთელი ხვალ შეიძლება კიდევ უკეთესი გახდეს.

ხომ არ ფიქრობთ, რომ „ბარსამ“ როდრის ყიდვით „რეალს“ გამოუცხადა, რომ მისთვის ფეხბურთელის წართმევა შეუძლია?

არ მგონია.

როდრის ელაპარაკეთ?

რამდენჯერმე. „რეალმა“ მას ძალიან კარგი წინადადებით მიმართა. ვფიქრობ, მადრიდელებსა და „მანჩესტერ სიტის“ შორის ძალიან კარგი ურთიერთობა არსებობს, მაგრამ თავად ფეხბურთელს ჰქონდა ეჭვები. მისმა ეჭვმა კი უკვე მე გამიჩინა ეჭვი. ის განსაკუთრებული ფეხბურთელია და ჩვენ მიმართაც ძალიან პროფესიულად მოიქცა, მე მას ყველაფერ კარგს ვუსურვებ, მაგრამ „რეალი“ ის კლუბია, რომელსაც არ სჭირდება ფეხბურთელი, გადმოსვლა ორჯერ რომ უნდა შესთავაზო. როდესაც „რეალი“ ფეხბურთელს წინადადებით მიმართავს მისი პასუხი უნდა იყოს: როდის მოვიდე?

ვინისიუსმა „რეალთან“ ახალი კონტრაქტი თქვენ გამო დადო?

არა. მე რა შუაში ვარ.

ელაპარაკეთ მას?

რასაკვირველია, მაგრამ ვინისიუსს „რეალი“ უყვარს. ერთადერთი, რაც მე მას ვუთხარი იყო: ვინი, სად გინდა წასვლა? შენ მხოლოდ ბრაზილიის ნაკრები და „რეალი“ იცი. მადრიდში შენთვის ყველაფერი ნაცნობია, ასე რომ დარჩი. არ ღირს სადმე წასვლა. ეს ბიჭი „რეალის“ დამატებითი ძრავაა.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.