რაო? საფრანგეთში გადადისო?

რაო? საფრანგეთში გადადისო?

პარაგვაელი ფეხბურთელი მატიას  გალარსა საფრანგეთში რომ არ ეყვარებათ, ამას რად უნდა ლაპარაკი. მან მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში საფრანგეთისა და პარაგვაის ნაკრებთა შეხვედრაში ყურადღება ეგრეთწოდებული არასპორტული ქცევით მიიპყრო. შეხვედრა ფრანგებმა 1:0 მოიგეს.

გალარსა კადრში პირველად მაშინ მოხვდა, როდესაც დაახლოებით 30-ე წუთზე კილიან მბაპეს იდაყვი ჩაარტყა, ერთი ხნის შემდეგ კი იგივე ილეთი ჟიულ კუნდესაც ჩაუტარა. შეხვედრის უზბეკმა მსაჯმა ილგის ტანტაშევმა ამ ეპიზოდებიდან ერთიც ვერ შენიშნა.

იმ დღეს გალარსას პროვოკაციული ქმედებები ამით არ დასრულებულა. მიკელ ოლისესთან კონტაქტის შემდეგ ის მოედანზე თეატრალურად დაეცა და ტანტაშევს მოწინააღმდეგისთვის ყვითელი ბარათი გამოსტყუა. მოგვიანებით პარაგვაელი მბაპეს ორი ფეხით, სახიფათოდ ჩაუხტა.

და აი, ამ სკანდალური შეხვედრის შემდეგ იმის გაგება, რომ 23 წლის გალარსა შეიძლება საფრანგეთის ლიგა 1-ში გადავიდეს, ბევრისთვის გასაკვირი გახლდათ, მაგრამ ბიზნესს თავისი წესები და მორალი აქვს. არგენტინული პრესის თანახმად „რივერ პლეიტის“ ნახევარმცველი შეიძლება „სტრასბურგში“ გადავიდეს. ამბობენ, რომ ფრანგული კლუბი მასში 5 მილიონ ევროს იხდის. მეტიც, თურმე „სტრასბურგი“ ცდილობს ესპანურ „ხეტაფეს“ ვაჭრობა მოუგოს.

ფრანგული მედია წერს, რომ თუ ეს ტრანსფერი მართლა განხორციელდება, ასუნსიონში დაბადებულ-გაზრდილ ახალგაზრდას საფრანგეთის სტადიონებზე თბილი მიღება ნამდვილად არ ელის.

ქართველი გულშემატკივრისთვის გალარსას საფრანგეთში გადასვლა სავარაუდოდ ასევე უსიამოვნოა, რადგან ლიგა 1-ის შეხვედრებში ხვიჩა კვარაცხელიასთან მოუწევს დაპირისპირება.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.