ფაბრეგასი: იტალიაში ხანდახან ვერ ხვდები რა ხდება მოედანზე

ფაბრეგასი: იტალიაში ხანდახან ვერ ხვდები რა ხდება მოედანზე

„კომოს“ მწვრთნელმა სესკ ფაბრეგასმა, რომელმაც გასულ სეზონში პროვინციული გუნდის მეოთხე ადგილზე გაყვანით საყოველთაო აღტაცება დაიმსახურა, ინტერვიუ მისცა The Athletic-ს , სადაც სერია A-ს პრობლემებზე ილაპარაკა.

„იტალიაში მოგება ძნელია, – თქვა მან, – აქ ძალიან ბევრი 0:0 და 1:0-ია. აქაური გუნდები შეტევას კი არ ცდილობენ, არამედ უნდათ, რომ დაცვითა და პრესინგით გაგანულონ. მერწმუნეთ ასეა. ფეხბურთზე ძალიან ბევრი მაქვს ნაფიქრი. მე ვუყურებ ბუნდესლიგას, ლა ლიგას, პრემიერლიგას. ამ ქვეყნებში გუნდები იტალიელებისგან ძალიან განსხვავებულად იცავენ თავს. როდესაც პრემიერლიგის გუნდებს უყურებ, ხედავ სტრუქტურას. შენ ხვდები, თუ რის გაკეთებას ცდილობენ ისინი. ხვდები რანაირი სტილით უნდათ თამაში. აქ კი ხშირად შეუძლებელია მიხვდე რა ხდება მოედანზე. ამიტომაც იძულებული ხარ მთავარი ყურადღება დეტალებს მიაქციო…

…მე ვიცნობ ჩემს ბიჭებს „კომოში“. ტალანტი იქით იყოს და მათ ბრმად ვენდობი. როდესაც მწვრთნელი ფეხბურთელებს ბრმად ენდობა, ის მათგან ყოველთვის საუკეთესო შედეგს იღებს. ასეთი მწვრთნელი ყოველთვის აჯობებს ისეთს, რომელსაც კარგი სტატისტიკა აქვს, მაგრამ მოთამაშეებს არ ენდობა. იცით რას ვერ ვიგებ? რატომ ყიდულობენ კლუბები ფეხბურთელებს მწვრთნელთან წინასწარი გასაუბრების გარეშე. ან რატომ არ ელოდებიან, რომ მწვრთნელი ჯერ დაუჯდეს ამ ფეხბურთელს, დაელაპარაკოს, შეისწავლოს ის. ფეხბურთელი ხომ მწვრთნელმა უნდა ათამაშოს და განავითაროს…

…მოთამაშესთან პირველი შეხვედრის დროს ფეხბურთზე არასდროს ვლაპარაკობ. მე მას აუცილებლად პირად ცხოვრებაზე ვესაუბრები. მინდა მისი მენტალიტეტი გავიგო. მინდა ავუხსნა ვინ ვართ ჩვენ, როგორ ვმუშაობთ. ფეხბურთელი და მისი ოჯახი ყველაფერზე მნიშვნელოვანია. ჩვენ ჯერ გუნდსა და მის კულტურას განვსაზღვრავთ და მხოლოდ მერე ვიწყებთ ფეხბურთზე ლაპარაკს“.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.