ეს სპონტანური რაიან შერკი

ეს სპონტანური რაიან შერკი

საფრანგეთის ნაკრებისა და „მანჩესტერ სიტის“ ვარსკვლავის რაიან შერკის დახასიათებისთვის ყველაზე ზედგამოჭრილი სიტყვა არის „სპონტანური“. ჟორჟ მიქაუტაძის 22 წლის მეგობარი როგორც მოედანზე ასევე მის მიღმა შესამჩნევი ფიგურაა. ასე მაგალითად, ხუთშაბათის ამხანაგურ შეხვედრაში, რომელიც ფრანგებმა კოტ დ’ივუართან 1:2 წააგეს მან ინდივიდუალური ოსტატობით გოლი გაიტანა, შემდეგ კი ჟურნალისტებთან თქვა ისეთი სიტყვები, რომლებმაც უნებურად მიიპყრო ყურადღება.

„ჩვენ მსოფლიოს ჩემპიონატზე ფავორიტების რანგში კი არა, ყველას გასანადგურებლად მივდივართ“, – თქვა მან, როდესაც „ლურჯების“ ამბიციაზე ჰკითხეს. დაგვეთანხმებით, რომ ფეხბურთელების უმრავლესობა ცდილობს დიპლომატიური იყოს და გაღიზიანება არ გამოიწვიოს, შერკიმ კი მართალია გულწრფელად მაგრამ როყიოდ თქვა, თუ რა გეგმები აქვს დიდიე დეშამის გუნდს.

„ეკიპმა“ დაწერა, რომ „ლიონის“ ყოფილი მოთამაშის ამ განცხადებამ მცირე უკმაყოფილება გამოიწვია თავად ფრანგთა ბანაკში, ოღონდ ფეხბურთელებში კი არა, გუნდის ხელმძღვანელთა შორის. როგორც ამბობენ დიდიე დეშამმა იმ მოტივით, რომ გადაჭარბებულ თავდაჯერებულობას სიფრთხილე სჯობს, ფეხბურთელს მოუწოდა მომავალში უფრო კორექტული იყოს. დეშამს შერკი გაუფრთხილებია, რომ ასეთ სიტყვებს შეიძლება რეაქცია მოჰყვეს როგორც საზოგადოების, ასევე მოწინააღმდეგეების მხრიდან.

ამასთან დაკავშირებით „პარიზიენს“ საფრანგეთის ნაკრების საქმეებში ჩახედული ადამიანის სიტყვები მოჰყავს: „რაიანს და დიდიე დეშამს შორის არანაირი დაძაბულობა არ არის. შერკიმ ერთ წინადადებაში ჩამოაყალიბა საფრანგეთის ნაკრების, მისი თაობის ამბიცია“.

ნახევარმცველს ჟურნალისტებმა იმ თავისებური დგომის შესახებაც ჰკითხეს, რომელიც ჯგუფურ ფოტოზე საფრანგეთის ნაკრების ბაზაზე პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისა და სამთავრობო დელეგაციის სტუმრობისას კამერამ დააფიქსირა.

„პატივისცემის ამბავი იყო. მე მოვხვდი მინისტრის გვერდით (ლაპარაკია საფრანგეთის სპორტის მინისტრ მარინა ფერარიზე) და აღმოვაჩინე, რომ მას ვფარავდი, ამიტომ ისე დავდექი, რომ გამოჩენილიყო“, – განმარტა საფრანგეთის ნაკრების ვარსკვლავმა TF1-თან კომენტირებისას.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.