ცუდია როცა კაიფში ხარ

Home კატეგორიის გარეშე ცუდია როცა კაიფში ხარ
ცუდია როცა კაიფში ხარ

ეს ჩვენთან არ არის პოპულარული, თორემ ინგლისურენოვან სამყაროში გოლფი მილიონობით ადამიანის საყვარელი სახეობაა და ფული, რომელსაც მეგოლფეებს უხდიან ფეხბურთელებს არც დაესიზმრებათ. აი, ასეთი სახეობის ლეგენდაა ტაიგერ ვუდსი, რომელიც საჭეს „კაიფში’’ მიუჯდა და „ლენდ როვერი’’ გადაუყირავდა. ეს ამბავი ფლორიდაში, მის სახლთან ახლოს მოხდა. ვუდსი დაპატიმრებულია.

ჯერჯერობით არაფერს წერენ იმის შესახებ, დაშავდა თუ არა ამერიკული სპორტის ლეგენდა. რაიმე სერიოზული რომ ყოფილიყო, სააგენტო ABC პირველ რიგში ამას დაწერდა.

როგორც ამბობენ, საპატიმროში თუ პოლიციის განყოფილებაში ვუდსმა ანალიზისთვის შარდის ჩაბარებაზე უარი თქვა. ალკოტესტერმა აჩვენა, რომ ლეგენდარული მეგოლფე ნასვამი არ იყო. არის კიდევ ერთი ვარიანტი, რომ ის თუ რამეს მკურნალობს ნარკოტიკების კი არა, სამედიცინო პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

50 წლის სპორტსმენი აქილევსის მყესის გაწყვეტისა და ოქტომბერში გადატანილი ოპერაციის შემდეგ „მასტერსში’’ დაბრუნებასთან არის ახლოს. ტაიგერ ვუდსს შეჯიბრებებში 2024 წლის შემდეგ არ მიუღია მონაწილეობა.

მას მოგებული აქვს გოლფის 15 მთავარი ტიტული, რომელთა ჩამოტვლას ჩენი მკითხველისთვის სავარაუდოდ აზრი არ აქვს, თუმცა ავტომობილით სულ რაღაც შარში ეხვევა.  2021 წელს სერიოზულად დაიზიანა ფეხი, 2017 წელს კი წლევანდელივით შარში იყო – ეჭვი ჰქონდათ, რომ საჭესთან „კაიფში’’ იჯდა. მაშინ 250 დოლარიანი ჯარიმით და მძღოლებისთვის არსებული საგანგებო დამატებითი კურსის მოსმენით გამოძვრა.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.