„ლივერპულმა’’ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ შეხვედრაში სტამბოლში, „გალათასარაისთან’’ 0:1 წააგო. შეხვედრის ერთადერთი გოლი გაიტანა გაბონელმა მარიო ლემინამ. მეორე ტაიმში გუნდებს VAR-მა თითო გოლი არ ჩაუთვალა, მასპინძლებს ოფსაიდის, ხოლო სტუმრებს ხელით თამაშის მიზეზით. სამშაბათს, 18 მარტს ბოლო ოთხ წელიწადში პირველად მეოთხედფინალში გასასვლელად მერსისაიდელებმა თურქულ გუნდს საპასუხო შეხვედრაში ორგოლიანი სხვაობით უნდა მოუგონ.
ეს გახლდათ არნე სლოტის მეასე მატჩი „წითლების’’ თავკაცის რანგში. „სანი’’ წერს, რომ „ლივერპულს’’ „ალი სამი იენიზე’’ (რომელსაც სპონსორული ხელშეკრულების გამო დროებით „რამს პარკს’’ უწოდებენ) გაუმართლა. მასპინძელი გულშემატკივრის წარმოუდგენელ ღრიანცელში ინგლისურ გუნდს შეიძლებოდა მეტი ანგარიშითაც წაეგო. თუმცა, გაზეთი არ წერს, რომ „წითლებმა’’ ბევრი ხელსაყრელი შესაძლებლობა გაუშვეს კიდეც ხელიდან. „სანი’’ სამართლიანად იწუნებს მო სალაჰის თამაშს, შეუმჩნეველი იყოო. გიორგი მამარდაშვილის გარჯას კი ასე ეხმიანება:
„მან პირველ ტაიმში ორი შესანიშნავი დარტყმა მოიგერია’’.
ქართველ მეკარეს Liverpool Echo-მ 7 ქულა დაუწერა (თანაგუნდელთა შორის საუკეთესო შეფასება დომინიკ სობოსლაისთან ერთად). სიტყვიერად გამოცემამ ასე დაწერა: „უკუაგდო შორეულ ძელთან ჩაწოდებული ბურთი მეორე ტაიმში და პირველ ტაიმში სანჩესის თავური დარტყმა მოიგერია. ალისონის არყოფნაში სოლიდურად ითამაშა’’.
This is Anfield-მა მამარდაშვილის თამაში 8 ქულით შეაფასა. ეს გახლდათ ყველაზე მაღალი ქულა ლივერპულელთა შორის. შეფასებას ასეთი ტექსტი ახლდა: „პირველ ტაიმში რამდენიმე დარტყმა თითის წვერებით შესანიშნავად მოიგერია, მეორეში კი წარმოგვიდგინა ნერვიულობისა და სითამამის უცნაური ნაზავი, რაც გასაკვირი არ იყო. ის არ უნდა მოხვედრილიყო ასეთი ზეწოლის ქვეშ, მაგრამ დაცვის ცუდი თამაშის გამო მეტად და მეტად ღელავდა. მამარდაშვილი იყო „ლივერპულის’’ ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც თავი დადებითი კუთხით წარმოაჩინა’’.
liverpool.com – მა ქართველ მეკარეს 7 დაუწერა (ლივერპულელთა შორის საუკეთესო შეფასება) და მისი თამაში ასე დაახასიათა: „ქართველი 12 იანვრის შემდეგ პირველად იყო მოედანზე და რამდენიმეჯერ შესანიშნავად მოიგერია ბურთი. ის საკმაოდ წარმოსადეგი იყო, რაც აუცილებელი გახლდათ’’.
სხვა საიტების შეფასებები ასეთია:
flashscore – 7.4 (ლივერპულელთა შორის მეორე შეფასება უგო ეკიტიკეს შემდეგ); sofascore – 7.3 (ლივერპულელთა შორის მეორე შეფასება უგო ეკიტიკეს შემდეგ); whoscored – 7.0 (მეორე შეფასება უგო ეკიტიკეს შემდეგ); fotmob – 7.5 (ლივერპულელთა შორის საუკეთესო შეფასება).
